მთავარიგალერეაომში პეპლად დარჩენა

ომში პეპლად დარჩენა

„გიყვები სიზმარს, რომელიც მესიზმრა მაშინ, როდესაც შენ ექვსი წლის იყავი“, – ნინო ჩუბინიშვილმა ეს სიტყვები წააწერა ერთ პატარა ნახატებიან წიგნს, რომელიც საყვარელ ქალიშვილს, ელენეს მიუძღვნა. მას შემდეგ 26 წელი გავიდა…

დღეს ეს ხელნაკეთი წიგნი, ფილიგრანული ნახატებისა და ნაფიქრალის კრებული, სტამბურად აეწყო და გამოიცა. ეს წიგნი ნინო ჩუბინიშვილის, იგივე ჩუბიკას, ძალიან საინტერესო გამოფენის ნაწილი გახდა.

გამოფენა კი „თიბისი კონცეპტის” მულტიფუნქციურ სივრცეშია და მისი ნახვის შესაძლებლობა კიდევ ორი თვის განმავლობაში ექნება დამთვალიერებელს.

„მთელი 1 წელი მე და მარიამ კაკაბაძე, დავით კაკაბაძის ფონდის ხელმძღვანელი დაკავებულები ვიყავით ამ წიგნის გამოცემით. პარალელურად მეორე დარბაზში წარმოდგენილია სხვადასხვა დროის ნამუშევარი, მათ შორის, არის 2019 წელს გაკეთებული და ცოტა ადრინდელი და ორი სრულებით ახალი ნამუშევარი, რომელთა შორის არის კავშირი. აი, ამ ორ დროს, ორ მომენტს შორის არის კავშირი, რომელიც მჟღავნდება ტექსტშიც და არის დეტალები, რომლებიც კითხვებს სვამს“, – ამბობს ნინო ჩუბინიშვილი, ხელოვანი. 

ეს კავშირი და ეს სკულპტურები თუ ინსტალაცია გამოფენის სახელწოდებაზე კიდევ უფრო მძაფრად დაგაფიქრებს, ქართულად ეს სახელწოდება ასე ჟღერს: „რა იქნებოდა, თუ ფეხის წვერებზე აღარ ვიცეკვებდით?“ ან იქნებ ასეაო, გვეკითხება ხელოვანი და სახელწოდების მეორე ვერსიასაც გვთავაზობს – „და(ვ)რჩე პეპლად ომში?“

ნინო ჩუბინიშვილი მრავალმხრივი ხელოვანია. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენისა და კოსტიუმის დიზაინს სწავლობდა და რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა კოსტიუმის საუკეთესო დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში. თანამშრომლობდა კენზოსა და პიერ კარდენის სახლებთან. ნინოს მცირე თუ დიდი ზომის სკულპტურები საქვეყნოდ არის ცნობილი და აღიარებული.

ნინო ჩუბინიშვილის ამჟამინდელი გამოფენა „თიბისი კონცეპტსა” და დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით გაიხსნა.

„ხელნაკეთი წიგნი არის მისი ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი მის შემოქმედებაში. ჩვენ ვითანამშრომლეთ ამ წიგნის აღდგენის პროექტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო იყო პროცესი, რადგან ეს ძალიან სპეციფიკური ნამუშევარია. ხელნაკეთი, რომელიც შეგიძლიათ მეორე სართულზე იხილოთ, სექტემბრამდე იქნება გამოფენილი და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც“, – ამბობს მარიამ კაკაბაძე, „დავით კაკაბაძის ფონდის“ დირექტორი.

გამოფენაზე უამრავი სტუმარი მოვიდა… ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს და ამბობდნენ, რომ გამოფენამ სრულიად სხვადასხვა სახის ემოცია და დიდი ინტერესი გამოიწვია:

„პირველად არ ვხედავ, როცა კეთდებოდა, უკვე ვიყავი, მაგრამ იმდენად მრავალმხრივი არის, რომ ბევრი კომპონენტია და რაც მთავარია, ცენტრი ამ ყველაფრის არის წიგნი, რომელიც ნინომ გააკეთა ბევრი წლის წინ. ვიზრდებოდი ამ წიგნთან ერთად და ამიტომ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომ ეს წიგნი საბოლოოდ გამოიცა და ხალხი ამას ნახავს“, – ამბობს ნატალია ბერიძე, კომპოზიტორი.

„ძალიან მომწონს ეს გამოფენა. ნინოს ცოტათი ვიცნობ, ნახატების ოთახმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მისი შვილისადმი მიძღვნილ ამ წიგნში და მასში არსებულ ნახატებში ჩანს ხელოვანის გულწრფელობა. მე ასევე მომწონს ის, თუ როგორ ასახავს ის თავის ნახატებში წყალქვეშა სამყაროსა და სხვადასხვა არსებას. ეს კი, უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც მათ გამადიდებელი შუშით უყურებ. ბავშვობაში სკუბა დაივინგით ვიყავი დაკავებული და ეს ნახატებიც მახსენებენ იმ დროს, როცა ვხედავდი წყალქვეშა არსებებს და მიკვირდა, ეს მშვენიერია“, – ამბობს ჯია ჯია ჩენი, დამთვალიერებელი.

„ვუყურებდი, თუ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი და ამიტომ, ძალიან მაინტერესებდა, საგამოფენო სივრცეში როგორი იქნებოდა და როგორ მოერგებოდა ინსტალაცია და ისეთია, როგორსაც ველოდი. ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანია წიგნი მეორე სართულზე“, – ამბობს ნიკა მაჩაიძე, მუსიკოსი.

ავტორი წიგნში შვილს ესაუბრება, უზიარებს იმას, რასი თქმაც უნდა და ვერ ეუბნება. ეს სათქმელი მუდმივია და ერთსა და იმავე დროს ძალიან მტკივნეული და შვების მომგვრელიც – როგორია ამ დროს პეპლად დარჩენა, ან რა ხდება მაშინ, როცა ფეხის წვერებზე ცეკვას მიატოვებ?

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend