აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის რესპუბლიკელების ლიდერთან, დონალდ ტრამპთან დებატები გამართოს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენსა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დებატები 27 ივნისს CNN-ის ეთერში გაიმართა.
ამავე არხზე დებატების ჩატარების შესახებ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი 10 სექტემბრისთვის შეთანხმდნენ.
„ბევრი თქვენგანი მეკითხებოდა, ამიტომ გეტყვით, რომ მზად ვარ დონალდ ტრამპთან დებატებისთვის. მე დავთანხმდი, მონაწილეობა მიმეღო 10 სექტემბერს დაგეგმილ, წინასწარ შეთანხმებულ დებატებში. ის კი, როგორც ჩანს, უკან იხევს. მაგრამ მე მზად ვარ და ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი იმსახურებს, მოისმინოს ის განსხვავებული პოზიციები, რომლებიც ამ კამპანიისას არსებობს”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
What happened to “any time, any place”? https://t.co/HlR6UmlZxx
— Kamala Harris (@KamalaHarris) July 26, 2024
მას შემდეგ, რაც ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან დებატები ურჩევნია Fox News-ზე გაიმართოს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია.