მთავარიევროპათურქეთი„ეს კანონი სასიკვდილო განაჩენია” - მიუსაფარი ძაღლების შესახებ კანონპროექტი თურქეთში დაპირისპირებას იწვევს

„ეს კანონი სასიკვდილო განაჩენია” – მიუსაფარი ძაღლების შესახებ კანონპროექტი თურქეთში დაპირისპირებას იწვევს

კანონპროექტს, რომელიც უპატრონო ძაღლების დაძინების უფლებას იძლევა, თურქეთის პარლამენტი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს. ამ კანონს ოპოზიციური პარტიები და ცხოველთა უფლებების დამცველები უპირისპირდებიან. ინიციატივა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველ პარტიას ეკუთვნის. ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში 4 მილიონამდე მიუსაფარი ცხოველია. ხშირ შემთხვევაში ისინი ჯგუფებად გადაადგილდებიან და არსებობს ადამიანებზე თავდასხმის ფაქტებიც.

კანონპროექტი, რომელმაც დიდი დაპირისპირება გამოიწვია, მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს, დაიჭირონ უსახლკარო ძაღლები და ისინი სტერილიზაციისთვის თავშესაფარში განათავსონ. ცოფიანი და აგრესიული ცხოველები კი ევთანაზიას დაექვემდებარებიან. კანონპროექტით ასევე მაღალი ჯარიმა დაწესდება მათ წინააღმდეგ, ვინც ცხოველებს მიატოვებს. ხოლო იმ მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც კანონს სათანადოდ არ აღასრულებენ, 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ.

„ეს მაწანწალა ძაღლები ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებსა და სხვა ცხოველებს ესხმიან თავს. მაგალითად, ცხვრების ფარასა და ვირებს. საგზაო შემთხვევებიც მათი გამოწვეულია. პარლამენტმა კანონპროექტს უკვე დაუჭირა მხარი. ვულოცავ ყველა დეპუტატს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კანონზე, რომელიც არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც დაიცავს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

არსებული რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა მიუსაფარი ძაღლები უნდა დაიჭირონ, ჩაუტარონ სტერილიზაცია და დააბრუნონ იქ, სადაც იპოვეს. თუმცა ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ძაღლებს ხშირად აღარ აბრუნებენ.

ძაღლების უფლებების დამცველთა საპროტესტო აქცია პარკში, 23 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/burhan Ozbilici

„ჩვენ, ცხოველთა დამცველებმა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს კანონი სასიკვდილო განაჩენია. არაერთი მუნიციპალიტეტი არსებულ კანონსაც კი ეწინააღმდეგება, რომელიც ცხოველების აცრას, სტერილიზაციასა და გადარჩენას ითვალისწინებს. ისინი ამ ძაღლებს არ დააბრუნებენ იქ, სადაც იპოვეს. თუ ცხოველებს არსებული კანონის შემთხვევაში ხოცავენ, წარმოიდგინეთ ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში რა მოხდება. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: სიკვდილს ამ ძაღლებისთვის“, – ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი თურქან ჩეილანი.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ თავშესაფრებში ცხოველებისთვის არასათანადო პირობებია.

„შეუძლებელია თავშესაფარში განთავსებული ჯანმრთელი ცხოველი, იქიდან დაავადებული არ გამოვიდეს, რადგან იქ ათასგვარი გადამდები დაავადება შეიძლება შეეყაროს. თავშესაფრებს სახელმწიფო არ აფინანსებს, შესაბამისად, შეუძლებელია ამ პრობლემების აღმოფხვრა. ეს ცხოველები თავშესაფარში შესვლისთანავე ავად გახდებიან”, – განაცხადა თურქან ჩეილანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend