მთავარისაქართველოკონგრესმენების ორი გზავნილი “საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის”

კონგრესმენების ორი გზავნილი “საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის”

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, კანონმდებლებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს, რათა განსაზღვრონ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ქვეყნისადმი, რომლის ხელისუფლებამაც, როგორც თავად ამბობენ, საქართველო დემოკრატიულ გზას დააშორა.

კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სხდომის თანათავმჯდომარეა, ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. მისივე განცხადებით, ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ.

„სამწუხაროდ, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კრემლისგან შთაგონებული უცხოელი გავლენის კანონპროექტი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.

დღეს მე მაქვს ორი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებისთვის: თქვენი ქმედება უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვები თანამდებობის პირებისა და, რაც მთავარია, ოჯახის წევრების მიმართ. ვიდრე საქართველოს მთავრობა განაგრძობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია განაგრძობს სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ასევე ფინანსურ სანქციებს საჭიროებისამებრ. გარდა ამისა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს ამტკიცებს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში, მაშინაც კი, როცა კრემლი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა გარიგებებს დებს საქართველოს ოკუპანტის მხარდამჭერებთან.

მეორე გზავნილი ქართველი ხალხისთვის: თქვენი ამბიციები ევროკავშირსა და ნატო-ში მომავლის შესახებ კარგად არის ცნობილი და ეს კონგრესი და ადმინისტრაცია განაგრძობს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, როგორც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ქართველი ხალხის აქტი – „მეგობარი აქტი“, რომელიც მე გასულ თვეს შემოვიღე, ასახავს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ თქვენს დემოკრატიულ მომავალს, მაშინაც კი, როცა თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით ნაკისრ დაპირებებს”, – განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა.

კონგრესში სიტყვით გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო არადემოკრატიული კანონპროექტები, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, გაავრცელა დეზინფორმაცია და დაიწყო რიტორიკული თავდასხმები იმ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს. „უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშიბას, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტებისა და ჟურნალისტების „გაშავებას” და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დამორჩილებას. ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ქართველი ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათი დემოკრატიული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ამავდროულად ნათლად ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა”. – განაცხადა ჰოშუა ჰაკიმ.

კონგრესში გამართულ მოსმენას ესწრებოდა USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ალექსანდრ სოკოლოვსკიც. მისი განცხადებით, არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, USAID-ს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა უწევს.

„აშშ-ის მხრიდან ქართული დემოკრატიისთვის მხარდაჭერის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები დაფუძნებულია ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის საერთო ხედვის, საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავდა ძლიერ, აქტიურ და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის დიალოგს. საქართველოში ორი ათწლეულის განმავლობაში ჩავდიოდი და სწორედ ასეთ საქართველოს ვიცნობდით. ჩვენ გვსურს დავინახოთ საქართველო, რომელიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება და ამ ხედვას გაიაზრებს”. – განაცხადა ალექსანდრ სოკოლოვსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend