მთავარისაქართველოაშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიის ხარისხზე ისაუბრეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიის ხარისხზე ისაუბრეს

ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ… ღია მოსმენაზე კონგრესმენებმა განიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ იმ ფონზე, როცა ორივე ქვეყანაში წელს არჩევნებია… მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიის ხარისხზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის განხილვასაც.

ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს არ შეესაბამება.

ეს მოსაზრება 23 ივლისს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვის შესახებ გამართულ მოსმენაზე არაერთხელ გაისმა. შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

მოსმენაზე ხაზი გაუსვეს, რომ იმ დროს, როდესაც მოლდოვის ხელისუფლება ევროკავშირსა და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ამ გზაზე, საქართველოში საპირისპირო სურათია.

მომხსენებლების თანახმად, საქართველოს მთავრობა ღიად თავს ესხმის და ავრცელებს დეზინფორმაციას დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამავე დროს, სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთსა და ჩინეთს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის” შესახებ საუბარს. მომხსენებლებმა თქვეს, რომ ამ კანონმა ცალსახად გაწყვიტა საქართველოს კავშირი დასავლეთთან. ასევე განაცხადეს, რომ ეს კანონი ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.

„საქართველოს მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა. ვგულისხმობ არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებას, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობის ესკალაციასა და დაშინებას, ასევე ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს მხარდამჭერები არიან. 28 მაისს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონმდებლობის მიღება ამ ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსია, კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტებისთვის, ჟურნალისტების დისკრედიტაციისა და საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისთვის არის შექმნილი. საქართველოს მთავრობამ ეს კანონი საკუთარი მოქალაქეების მასობრივი პროტესტების, აშშ-ის წინააღმდეგობისა და ვენეციის კომისიის მკაფიო დასკვნის მიუხედავად მიიღო, რომლის თანახმადაც, კანონი ცალსახად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, – ამბობს ჯოშუა ჰაკი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროში.

„საზოგადოების სურვილისა და კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კრემლისგან შთაგონებული კანონმდებლობა „უცხოელი აგენტების” შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად. დღეს ჩემი გზავნილი შემდეგია. ვეუბნები საქართველოს მთავრობას, რომ თქვენს ქმედებებს არ ჩაუვლია და არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სავიზო შეზღუდვის პირველი პაკეტი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვას, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დაწესებას, საჭიროების მიხედვით“, – განაცხადა ბილ კიტინგმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა.

მომხსენებლების თანახმად, განსხვავებით საქართველოსგან, მოლდოვა პოსტ-საბჭოთა წარმატების ისტორიად ქცევის გზაზეა. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორუფციასა და რუსულ გავლენებთან ბრძოლის პროცესში მიღწეულ წინსვლაზე.

თუმცა რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების გამო კონგრესი ყურადღებით დააკვირდება ოქტომბერში მოლდოვაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 1 კვირით ადრე იმართება.

,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოლდოვამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. გასულ თვეს მათ დაიწყეს ევროკავშირში გაწევრების ფორმალური მოლაპარაკებები. აშშ-ის მხარდაჭერამ მათ შორის 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, 824 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურმა დახმარებამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლდოვაში კანონის უზენაესობის გამყარების, კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკის გაძლიერებაში. ამ ყველაფერმა კი შესაძლებელი გახადა ამ ისტორიული მიზნის მიღწევა.

მოლდოველმა ხალმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. განსაკუთრებით კრემლის გაძლიერებული ჰიბრიდული საფრთხეებისა და მოლდოვის საკუთარი გავლენის სფეროში შენარჩუნების მცდელობების ფონზე. რუსეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან დროს, ენერგიასა და ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს მოლდოვის სუვერენულ გადაწყვეტილებას, გააღრმაოს კავშირები დასავლეთთან. რუსეთი ამისთვის სხვადასხვა გზას მიმართავს, მათ შორისაა დეზინფორმაციული კამპანიები, კიბერ-თავდასხმები და უკანონო სახსრების მეშვეობით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, განსაკუთრებით კი არჩევნების, ძირის გამოთხრის მცდელობა“, – ამბობს კრისტოფერ სმიტი, ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილე.

ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოახლებულ არჩევნებზე საუბრისას არაერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ორივე ქვეყანას მუდმივად უწევს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება და რუსეთი აუცილებლად შეეცდება ორივე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელყოფას.

ამ ეტაპზე აშშ-ის გზავნილი ცალსახა და მკაფიოა, რომ საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სასწორზე ქართული დემოკრატია დევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend