ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მდებარე გორის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 120-ე შეხვედრა გაიმართა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური მთავრობის, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ შემთხვევების საკითხებს აყენებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 16 მაისიდან 22 ივლისამდე უკანონო „ბორდერიზაციის“ რვა შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ ახალი ინსტალაციები დამონტაჟდა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში.