ამერიკელი მსახიობი სანდრა ბულოკი 60 წლის ხდება. სანდრა ბულოკი, რომელიც დიდ ეკრანზე პირველად ეპიზოდური როლებით გამოჩნდა, ჰოლივუდში მალევე გახდა ცნობილი, როგორც რომანტიკული კომედიების დედოფალი. მოგვიანებით მან ოსკარის აღებაც შეძლო. სამი ათწლეულია, ის ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია.
ვირჯინიაში დაბადებული მსახიობის დებიუტი შედგა 1987 წელს ფილმით „ჯალათები“. პოპულარობა ოიპოვა 1992 წლის რომანტიკული კომედიით „სასიყვარულო ცდა“. განსაკუთრებულ წარმატებას სანდრამ 1994 წლის ტრილერის „სიჩქარის“ მეშვეობით მიაღწია, რომელშიც მან მაყურებელს თავი კიანუ რივზთან ერთად დაამახსოვრა.
1990-იან და 2000-იან წლებში ის მონაწილეობდა როგორც ტრილერის ჟანრის, ისე დრამატულ ფილმებსა და რომანტიკულ კომედიებში. რომანტიკული კომედიების დედოფალი კი „სიყვარული შეტყობინებით“, „ბუნების ძალის“, „მის კონგენიალურობისა“ და სხვა ფილმების შემდეგ შეარქვეს.
სანდრამ მაყურებლის სიყვარული დრამატული ფილმებითაც მოიპოვა. 2010 წელს მან ფილმში „უხილავი მხარე“ ლი ან ტუჰის როლის შესრულებისთვის ოსკარი დაიმსახურა. 2013 წელს ოსკარზე ის კიდევ ერთხელ წარადგინეს საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე ალფონსო კუარონის ფილმისთვის „გრავიტაცია“. სანდრა ბულოკმა ოსკარი ვერ აიღო, თუმცა „ბაფტასა“ და „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა.