აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიას 81 მილიონ დოლარზე მეტი შესწირეს, რაც ექსპერტების თანახმად, 2024 წლის საარჩევნო ციკლისთვის რეკორდული თანხაა.
ახლა კი ვიცე-პრეზიდენტი საკუთარი პოლიტიკური გზავნილის დახვეწაზე მუშაობს, რათა ნოემბერში, თეთრ სახლში ადგილი დაიკავოს.
ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 22 ივლისს დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა. ჰარისმა ხაზი გაუსვა მის პროფესიულ გამოცდილებას პროკურორის თანამდებობაზე. ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში დამნაშავედ ცნო.
„როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის ვიცე-პრეზიდენტად არჩევამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორად არჩევამდე, კალიფორნიის არჩეული გენერალური პროკურორი ვიყავი. მანამდე ვმუშაობდი სასამართლოში პროკურორად… ამ თანამდებობებზე ყოფნისას ყველა სახის კრიმინალთან მქონდა შეხება. მტაცებლებთან, რომლებიც ქალებზე ძალადობდნენ, თაღლითებთან, რომლებიც მომხმარებლებს ართმევდნენ და გაიძვერებთან, რომლებიც პირადი სარგებლის მიღებისთვის წესებს არღვევდნენ. ასე რომ, მომისმინეთ, როდესაც ვამბობ, რომ მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ“, – განაცხადა კამალა ჰარისმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
საარჩევნო შტაბის თანამშრომლებთან შეხვედრაში ტელეფონით მონაწილეობდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მუშაობის დასრულებისგან შორსაა.
„მე უშუალო მოწმე ვარ ჯო ბაიდენის მუშაობის ოვალურ კაბინეტში და გლობალურ სცენაზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იბრძვის ამერიკელი ხალხისთვის და ჩვენ ძალიან, ძალიან მადლიერები ვართ იმ სამსახურისთვის, რაც მან ჩვენი ერისთვის გასწია.
მსურს ვიყო ძალიან მკაფიო. ჯო შორსაა მუშაობის დასრულებისგან. მან იცის, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენი სახელმწიფო გააგრძელებს მისი, როგორც პრეზიდენტის, გაბედული ხედვით ხელმძღვანელობის დაფასებას. გმადლობ, ჯო“, – განაცხადა კამალა ჰარისმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
I’m excited to be back in Wisconsin to speak about what is at stake in this election—and how we will defeat Donald Trump and his extreme Project 2025 agenda.
— Kamala Harris (@KamalaHarris) July 23, 2024
კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. ნოემბერში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში კი, იგი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი საპრეზიდენტო კვლევების ცენტრში ბარბარა პერი მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისისთვის არა რასობრივი კუთვნილება, არამედ სწორედ სქესი შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება.
„ვფიქრობ, ამ ქვეყანაში გამოწვევები იქნება გენდერთან დაკავშირებით. უფრო მეტი, ვიდრე რასობრივი მიმართულებით. ეს ბარიერი ბარაკ ობამამ გადალახა, მაგრამ ცხადია, ის მამაკაცია. ჩვენ ვიხილეთ მიზოგინია და ასევე უბრალოდ ნეგატიური დამოკიდებულება ქალების მიმართ, 2016 წელს ჰილარი კლინტონის შემთხვევაში. ვიმედოვნებ, რომ ამჯერად ამას გადავლახავთ, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა კამალა ჰარისი. თუმცა ისიც ვიცით, რომ ამ ქვეყანას ჯორჯ ვაშინგტონიდან მოყოლებული მხოლოდ კაცი პრეზიდენტები ჰყოლია. იმედი მაქვს, აშშ-ი შეძლებს, რომ გააფართოოს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სასურველი და გამარჯვების ნამდვილი შანსის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატები იქნებიან. ეს პოსტი ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამერიკის მოსახლეობის ნახევარი გამოირიცხოს“, – ამბობს ბარბარა პერი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი.
პარტიის ნომინაციის უზრუნველსაყოფად კამალა ჰარისს სულ მცირე 1,976 დემოკრატი დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება. ხოლო Associated Press-ის ინფორმაციით, 22 ივლისის მდგომარეობით, მას უკვე 2,579 დელეგატი უჭერს მხარს.
მონაცემები არაფორმალურია და წინაა ოფიციალური კენჭისყრა. თუმცა აშკარაა, რომ კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის ყველაზე რეალური და პროცედურულად მარტივი შემცვლელია. დემოკრატიული პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად 19 აგვისტოს ყრილობაზე ჩიკაგოში აირჩევს.