მთავარისაქართველოიუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შეფასებით, სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შეიჭრა

იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შეფასებით, სასამართლო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შეიჭრა

„სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი, გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ – არა“ – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 15 ივლისს დანიშნა. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 ივლისს შეაჩერა და ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე პრეზიდენტს ახალი კონკურსის ჩატარებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნის უფლება ჩამოართვა.

„აღნიშნულ გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტსა და მის ეფექტიანობას, არამედ ამით მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ისედაც დეფიციტური ნდობა, კიდევ უფრო მცირდება“, – განაცხადა გურამ იმნაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ.

კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის უზენაესობასა და საჯარო ინტერესებს არ ემსახურება და პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში უხეშად ჩარევას ცდილობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის კიდევ ერთი წევრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა არ ელიან, რომ აპელაცია გადაწყვეტილებას შეცვლის.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, როდესაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ცდილობს საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც თანამშრომლობს საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მედიასა და საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას, როგორც წესი, ვერ ვიღებთ. დამოუკიდებელ წევრს შეეძლო კრიტიკული ხმა გაეჟღერებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საიას თავმჯდომარემ.

თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოს გადაწყვეტილებას 22 ივლისს გამოეხმაურა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში. გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა და სასამართლოს კლანური მმართველობის კიდევ ერთი დასტურია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლია. სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ამასთან, საბჭო არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებსაც. საბჭოს 15 წევრიდან ექვსი მოსამართლე არ არის. მათგან ერთს პრეზიდენტი ნიშნავს, 5-ს კი – პარლამენტი ამტკიცებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend