ცნობილია, რომ ნიდერლანდებში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოციალური დაცვის სისტემაა, რომელიც მოხუცებზე ზრუნავს. თუმცა ეს სისტემაც დადგა გამოწვევების წინაშე მოსახლეობის დაბერების ასაკის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად. სოციალური მომსახურების მუშაკთა დეფიციტის გამო ნიდერლანდელებმა სხვადასხვა ინოვაციური გამოსავალი იპოვეს.
ნიდერლანდებში სოციალური დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემაა მსოფლიოში. მაგრამ ძვირია! ნიდერლანდებში გაცილებით მეტს ხარჯავენ ადამიანზე ზრუნვაში, ვიდრე სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, სოციალური დაცვის სფეროში მაინც ათობით ათასი ძიძა აკლიათ.
ნიდერლანდები დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მისი მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.
ხარჯები სწრაფად იზრდება, თან კვალიფიცირებული კადრების დეფიციტია. ამიტომ ნიდერლანდების სოციალური დაცვის სისტემაში 2006 წლიდან მოყოლებული არ წყდება რეფორმები და სიახლეები.
მოდი, საკუთარი თვალით ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს მოსახლეობა ნიდერლანდებში ამ პრობლემის მოგვარებას.
მცირე გუნდები და დიდი გული
Buurtzorg-ი სოციალური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა ნიდერლანდებში. Buurtzorg-ი ნიდერლანდურიდან ითარგმნება როგორც „მეზობლის დახმარება.“ მისი კონცეფცია გულისხმობს მოხუცების შინ მოვლას და მორალურ მხარდაჭერას. შესაბამისი მომსახურების ასეთი მცირე ჯგუფები, რომლებსაც მენეჯერები არ ჰყავთ, 30 პროცენტით ამცირებს ხარჯს. ამიტომაც ამ მიდგომას ახლა მთელ მსოფლიოში ნერგავენ.
Buurtzorg-ი 2007 წელს ხუთმა ძიძამ დააფუძნა, ახლა ის 1000 გუნდს აერთიანებს, რომლებშიც 15 ათასი ადამიანია დასაქმებული.
ამსტერდამის ერთ უბანში იორდანში „ევრონიუსი“ შეხვდა ლეონის, ძიძას, რომელიც იმ მოხუცებზე ზრუნავს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ბოლო წლების შინ გატარება გადაწყვიტეს.
„ჩვენ მცირე გუნდი გვყავს: რვა რიგითი ადამიანი და რვა ძიძა,“ – ამბობს ლეონი. „ყველას თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა გვაქვს. ყველაფერს თვითონ ვაკეთებთ: ჩვენ ვადგენთ კლიენტების გრაფიკს და თავად ვწყვეტთ, თუ რამდენ ხანს დავრჩებით კლიენტთან. და ეს მხოლოდ მოვლას არ გულისხმობს, ცოტა უნდა ვესაუბროთ კიდეც კლიენტს – ამის დროც გვაქვს, რადგან ზედამხედველი არ გვყავს და ამის წყალობით დიდი თანხა იზოგება“.
ერთმანეთზე ზრუნვის წრე
ჰელმონდში, ახლადაშენებულ ბრანდევორტის უბანში, ნიდერლანდური სოციალური დაცვის სისტემის წარმატების კიდევ ერთ საიდუმლოს მივაგენი: ურთიერთზრუნვას. მარი-ჟოზე და იიტი მონაწილეობას იღებენ ახალი კონცეფციის დანერგვაში, რომელსაც „წინასწარი ზრუნვის წრე“ ჰქვია. დღეს ისინი მედიკამენტებს არჩევენ მეზობელი მარტასთვის. ეს პატარა ქალაქი დაფარულია ერთმანეთზე მზრუნველი ჯგუფების ქსელით. მუნიციპალიტეტები და სადაზღვევო კომპანიები მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რადგან სოციალური სამსახურისთვის დიდი შეღავათია. ამ ერთმანეთზე ზრუნვის იდეის ავტორი ახალ უბანში ტონი დირესია.
„დღეს ყველაზე მოხერხებული ერთმანეთზე ზრუნვაა,“ – ამბობს ტონი. „ჯერ ერთად ძაღლებს ასეირნებენ, საწოლს შლიან ან ბალახს თიბავენ სახლის წინ. რამდენიმე წელიწადში კი ერთმანეთის მოვლაც დადგება დღის წესრიგში. მოხუცები დღესაც ზრუნვის მთავარი თემაა, მაგრამ მალე ამ ჯგუფში გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მომავალში მოვლა დასჭირდებათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი კარგად გაიცნონ, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით ადრე მოგხედავენ და უცნობი ადამიანის იმედზე აღარ იქნები“.
იიტ ჰეისტე, ბრანდევორტ/ჰელმონდის წინასწარი ზრუნვის წრის წარმომადგენელი
„მე და ორგანიზატორი ვუსმენთ ჯგუფის წევრებს და ვიგებთ, თუ რა აწუხებთ და რა სჭირდებათ,“ – განმარტავს იიტ ჰეისტე, ბრანდევორტ/ჰელმონდის წინასწარი ზრუნვის წრის კიდევ ერთი წარმომადგენელი. „მერე ერთად ვეძებთ ადამიანს, რომელიც ყველაზე უკეთ დაეხმარებათ. პირველ რიგში, ვარკვევთ, თუ ვინ ცხოვრობს ყველაზე ახლოს, ვის შეუძლია დახმარება ან აქვს ამის სურვილი“.
მოხუცები და ახალგაზრდები
ერთად ცხოვრებისა და ერთმანეთზე ზრუნვის კიდევ ერთი ინოვაციური საცხოვრებელი კომპლექსია ჰილვერსუმი Liv-Inn-იჰილვერსუმში. აქ 150 ადამიანი ცხოვრობს – სულ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები: ძირითადად მოხუცები არიან, თუმცა მათ შორის სტუდენტებსაც შეხვდებით, ზოგი შეძლებული პენსიონერია, ზოგიც – სოციალურ შემწეობას იღებს, ზოგი ავადმყოფია, ზოგი – ჯანმრთელი, ზოგიც სპეციალური სავარძლით გადაადგილდება. აქ მთავარია ყველა ერთად იყოს.
ლიდია ჰუეტინგი ავტომექანიკოსზე იყო დაქორწინებული, თავად ხან მოლარედ მუშაობდა, ხან ნაყინის გამყიდველად, ხან სათამაშოების მაღაზიაში. ერთხელ ბანაკშიც იყო დასაქმებული საფრანგეთში. ლიდია სოციალური შეღავათით სარგებლობს და ახლა სამჯერ ნაკლებ ქირას იხდის, ვიდრე ადრე. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა საცხოვრებლად აქ გადმოსვლა ლიდია პასუხობს:
„ჩემს ძველ სახლში გაცილებით ნაკლები სოციალური კონტაქტი მქონდა, ვიდრე აქ. თანაც აქ უფრო აქტიური ვარ: მოხალისეთა საქმიანობას ვუწევ ორგანიზებას, გაცილებით მეტს ვაკეთებ სხვებისთვის, ვიდრე ჩემს ძველ სახლში“.
სატვირთოს ყოფილი მძღოლი რონ მოკენსტორმი არ ზის უქმად. დღეს ის სათამაშო მაგიდისთვის ხის ნაწილებს ამზადებს. ჩართულობა, თვითორგანიზება, სოლიდარობა – აი, ეს არის Liv Inn-ის მთავარი ღირებულებები. ყველაფერთან ერთად, ეს კონცეფცია უძრავი ქონების ბაზრისთვისაც შეღავათია.
„ჩვენ დიდ სახლში ვცხოვრობდით, მაგრამ ამდენი ოთახი არაფერში აღარ გვჭირდებოდა,“- გვიხსნის რონი. „განსაკუთრებით ეს საამქრო მომწონს აქ, რადგან ასეთ წვრილმანებს სახლშიც ვაკეთებდი. დაახლოებით იმხელა სახლი მქონდა, რამხელაც ეს სივრცეა, სახლში კიდევ სხვენი მქონდა – ამიტომაც გადავწყვიტე გადმოსვლა. აქ საერთო სამზარეულოა და ირგვლივ სიმყუდროვეა“.
2020 წელთან შედარებითб ნიდერლანდებში უფროსი ასაკის მოსახლეობის რიცხვი 2040 წლისთვის თითქმის გაორმაგდება. სოციალური საწარმო Habion-ი 12 ათას ბინას განკარგავს, მისი მენეჯერი საწარმოს კონცეფციას გვიხსნის:
პიტერ ბურენფეინი, HABION HOUSING COOPERATION-ის მმართველი დირექტორი:
„როდესაც ხანშიშესულებს ვკითხეთ: რა გჭირდებათ, როცა დაბერდებით, გვიპასუხეს, რომ არ გვინდა მხოლოდ მოხუცები იყვნენ ირგვლივ, გვინდა, ჩვენ გვერდით ახალგაზრდებსაც ვხედავდეთო. ჩვენი ძირითადი იდეა ის არის, რომ, როდესაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ისინი ერთად ბერდებიან“.
აქ ბინების 10 პროცენტი ახალგაზრდებს ეთმობათ. მარიკე ჰილინგა 30 წლისაა და სათამაშო აგურების საწარმოში მუშაობს. აქ თავის მეგობარ მეზღვაურთან ერთად ცხოვრობს.
„უქმეებზე ჩემს მეგობართან ერთად დაბლა ჩავდივარ საერთო სივრცეში, რადგან იქ სიმყუდროვეა,“ – ამბობს მარიკე. „ერთად ვსვამთ და უფროსებთან ვსაუბრობთ, ვეკითხებით, როგორ არიან, რათა უქმეები მშვიდად გავატაროთ. ერთად ვიცინით და ირგვლივ ისეთი სიმშვიდეა“.
ადამიანებზე ზრუნვის ახალი გზები რომ იპოვონ, სოციალური სამსახურის ექსპერტები მთელი მსოფლიოდან ნიდერლანდებში ჩადიან. ზოგჯერ პასუხი ძალიან მარტივია: მეტი ურთიერთობა, თანამედროვე ტექნიკა, ერთად ცხოვრება და ერთად – სიცილი.
ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი