რუსეთის სასამართლომ ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო, მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 16 წლით პატიმრობა მიესაჯა.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ეკატერინბურგში 2023 წლის 29 მარტს, მივლინების დროს, დააკავეს. ევან გერშკოვიჩს ბრალი წაუყენეს რუსეთის მიერ უკრაინის ომში გამოყენებული ტანკების საწარმოო ქარხნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში. ბრალდების თანახმად, გერშკოვიჩს მოპოვებული ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის უნდა გადაეცა.
ცივი ომის შემდეგ იგი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთმა ამ ბრალდებით დააკავა. იგი ბრალდებას არ აღიარებს. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, 17 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკულ სპეცსამსახურთან გერშკოვიჩის რუს პატიმრებში გაცვლის მიზნით.