მთავარიმსოფლიოევროპაევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს

ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს

ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. 65 წლის გერმანელმა პოლიტიკოსმა 401 ევროპარლამენტარის ხმა მოიპოვა, მისი კანდიდატურის წინააღმდეგ კი 284-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა. თანამდებობის შესანარჩუნებლად მას პირდაპირი უმრავლესობის, 361 ევროპარლამენტარის, მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროპარლამენტის სამი დიდი ჯგუფი უჭერდა მხარს: მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია”, „სოციალისტები” და „განაახლე ევროპის“ ლიბერალური ბლოკი.

სიტყვით გამოსვლისას მან პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ ყველა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება სცადა. დადო პირობა, რომ გააძლიერებს ევროკავშირის ეკონომიკას, გაუმკლავდება მიგრაციასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დადო პირობა, რომ იქნება ძლიერი ლიდერი ევროპისთვის განსაკუთრებულად დაძაბულ და პოლარიზებულ პერიოდში.

ურსულა ფონ დერ ლაიენის რეაქცია ხმის მიცემის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპარლამენტი, სტრასბურგი, საფრანგეთი, 18 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Jean-Francois Badias

„ყურადღებით მოვუსმინე ამ პარლამენტში არსებულ დემოკრატიულ ძალებს და დავრწმუნდი, რომ ეს სამოქმედო გეგმა აჩვენებს, თუ რამდენი რამ გვაქვს საერთო, მიუხედავად იმ განსხვავებისა, რომელიც ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიას ახასიათებს. ჩვენი პირველი პრიორიტეტი იქნება კეთილდღეობა და კონკურენტუნარიანობა.

ახლა ევროპელებისთვის ღრმა შფოთვისა და გაურკვევლობის პერიოდია. ოჯახები განიცდიან მაღალ საცხოვრებელ ხარჯებს, ახალგაზრდები ღელავენ პლანეტაზე, მომავალსა და ომის საშიშროებაზე.

მე არასოდეს ვუყურებ გვერდიდან, თუ როგორ იშლება ჩვენი საზოგადოება. არასოდეს დავუშვებ, რომ ჩვენი საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია გახდეს მისაღები. არასოდეს მივიღებ, რომ დემაგოგები და ექსტრემისტები ანადგურებდნენ ჩვენი ევროპული ცხოვრების წესს. დღეს აქ ვდგავარ მზად, გავუძღვე ამ ბრძოლას ამ პალატის ყველა დემოკრატიულ ძალასთან ერთად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფებების შესახებაც.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ, თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო ძალიან ძვირ საფასურს იხდის. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი ჩვენს კავშირში თავისუფალი და წარმატებული იქნება“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტარების ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გაკრიტიკებისთვისაც, კერძოდ, ვლადიმირ პუტინთან გამართული ე.წ. „სამშვიდობო მისიის“ გამო.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის დაკომპლექტებას დაიწყებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend