საქართველოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ სარჩელთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვაც მოუწევს. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ 121-მა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციამ 17 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანა. სამოქალაქო სექტორი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოსგან ამ კანონის მუხლების შეჩერებასა და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს. მთავარ მოტივად კი კონსტიტუციის 78-ე მუხლის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის უზრუნველყოფის, დარღვევას ასახელებენ.
„121 არასამთავრობო ორგანიზაცია ამჯერად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით. ამასთან, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად. რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
კონსტიტუციის 78-ე მუხლი წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან, ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად”, – განაცხადა გიორგი დავითურმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის მიზანი მარტივია, საზოგადოებამ გაიგოს, ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და რატომ. მმართველი პარტიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები შესაძლოა ფულს არამეგობრული მიზნებით ხარჯავდნენ ჩვენს ქვეყანაში, რასაც ამ კანონის ამოქმედებით გამოააშკარავებენ. ხელისუფლების წევრებს ასევე მიაჩნიათ, რომ ამ პოლიტიკით საქართველო სწორი სვლით დგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ამ კანონის მიღებით გვინდოდა ერთადერთი ამოცანა გადაგვეჭრა, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ესაუბრება მათ და ვისი დაფინანსებით. მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებენ მოქალაქეები იმ იდეებსა და განცხადებებს, რომლებსაც ისინი აკეთებენ. ეს იყო ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი. დემოკრატია ინფორმირებული საზოგადოებით ფუნქციონირებს. როდესაც მოქალაქეს აქვს ინფორმაცია, ბუნებრივია, იქ დემოკრატიაც უფრო ძლიერი არის. ევროინტეგრაციის პროცესი არის უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეფორმები: განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის თუ თვითმმართველობის სფეროებში. ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს. საქართველო განაგრძობს სვლას ევროკავშირისკენ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გარდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ოპოზიციის ნაწილი. მეორე ნაწილი კი, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის არარსებობის გამო არ უერთდება ამ საერთო კამპანიას.
„როდესაც სახელმწიფო არის მიტაცებული, ბუნებრივია, მისი სასამართლოც არ არის დამოუკიდებელი. როდესაც ქვეყანაში არ არის სამართლიანი მართლმსაჯულება, მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ გვქონდეს განსაკუთრებული მოლოდინები. თუმცა მიგვაჩნია, რომ ყველა სამართლებრივი გზა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს. მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არის საჭირო. ამის შემდეგ უკვე მივმართავთ საერთაშორისო სასამართლოს“, – აცხადებს პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.
სამი სარჩელი ერთი და იმავე კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მას შემდეგ განიხილება, თუ სასამართლო მათ საერთოდ მიიღებს წარმოებაში. ამის შემდეგ მოსამართლეების ნებაზე იქნება დამოკიდებული, რა ვადებში განიხილავენ სარჩელებს, მოკლე ვადაში თუ ოთხწლიან პერიოდში. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიასა და ჯერ კიდევ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ საქართველოს ამდენი დრო არ აქვს.
ალეკო გვეტაძე