გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 9 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გრენადაში ქარიშხალ „ბერილის“ შედეგად დაზარალებული დაახლოებით 43,000 მცხოვრების დასახმარებლად. გაეროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უმაღლესი წარმომადგენელი საიმონ სტიელი ამბობს, რომ ბუნებრივი კატასტროფები მთელ მსოფლიოს ემუქრება.
„ყოველწლიურად წიაღისეული საწვავით გამოწვეულ კლიმატურ ზიანს დამღუპველი შედეგი აქვს გარემოზე. ეს პროცესი აზარალებს მილიარდობით ოჯახს და მცირე ბიზნესს. თუ მთავრობები არ გააძლიერებენ ძალისხმევას, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა სტიქიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლი გახდება“, – განაცხადა საიმონ სტიელმა.

ქარიშხალმა „ბერილმა“ თავად საიმონ სტიელის მშობლიური ქალაქი კარიაკუდა გაანადგურა. ის თავის ემოციურ ვიდეომიმართვაში მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გაზარდონ ძალისხმევა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შესარბილებლად, რათა სხვა ოჯახები მაინც გადარჩნენ.
„ჩემი ბებიის სახლი მთლიანად დაინგრა. პირველადი ინფორმაციით, ქარიშხალი „ბერილის“ შემდეგ სახლებისა და შენობების 98% ან დანგრეულია, ან მნიშვნელოვნად დაზიანებული. კარიაკუში ჩვენ განვიცდით იმ კატასტროფას, რომელიც ძალიან ნაცნობი გახდა ასობით მილიონი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში”, – ამბობს საიმონ სტიელი.
გაეროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უმაღლესი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ კარიბის კუნძულებს არ ეხება. მაგალითად, 2024 წელს ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. ასევე ძლიერი სიცხის გამო ათასზე მეტი მომლოცველი დაიღუპა საუდის არაბეთში, ქალაქ მექაში, ყოველწლიური რელიგიური რიტუალის დროს.
საიმონ სტილეს მაგალითად მოჰყავს სამეცნიერო კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ყოველწლიურად 38 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზიანს განიცდის კლიმატის ცვლილების შედეგების გამო. გაეროს წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ამ ზიანის დიდი ნაწილი ღარიბ ქვეყნებზე მოდის.
გაეროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ მთავრობები უნდა შეთანხმდნენ ახალ მიდგომებზე. 2009 წელს გაეროს კოპენჰაგენის სამიტზე განვითარებულმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ განვითარებად ქვეყნებს ყოველწლიურად ასი მილიარდი დოლარით დაეხმარებოდნენ, რათა ნელ-ნელა დაეწყოთ ნაბიჯების გადადგმა, ნახშირბადნეიტრალურობისკენ. თუმცა საიმონ სტიელის აზრით, ეს არ არის საკმარისი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესარბილებლად. ის გამოსავალს მხოლოდ ერთიანობასა და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვაში ხედავს.