„ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში“ – ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ პარტიის ახალი ოფისის გახსნისას წარმოთქვა.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია დაიწყო. მთავარი დაპირება იგივეა, რაც 12 წლის წინ, 2012 წელს. ქართული ოცნება ამომრჩეველს ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლად ჰპირდება, თუმცა ამჯერად ბოროტება უფრო მასშტაბურია.
ახლა დასამარცხებელი „გლობალური ომის პარტიაა“ – ძალა, რომელიც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს.
„ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით, 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ვფიქრობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა.“
„ქართულ ოცნების“ ლიდერებმა საკუთარი სიტყვა მადლობით დაიწყეს. ბიძინა ივანიშვილს მადლობა 12 წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისთვისა და ქვეყანაში არსებული მშვიდობისთვის გადაუხადეს. თქვეს, რომ უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობისა და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მშვიდობა შეინარჩუნა, უზრუნველყო ეკონომიკის უპრეცედენტოდ სწრაფი ზრდა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმატებით დაუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები, ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ განიმტკიცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს.“
ქართული ოცნების ლიდერებმა ბევრი ისაუბრეს მშვიდობაზე და მომავალი არჩევნები განიხილეს როგორც არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს. როგორც თავად ამბობენ, მათ საქართველოს მოქალაქეთა 60%-ის მხარდაჭერა აქვთ.
საარჩევნო კამპანიის დაწყებასა და ახალი ოფისის გახსნასთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ახალი სლოგანიც, რომელიც ასე ჟღერს „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ.“