მთავარისაქართველოუვნებელი და შხამიანი - საქართველოში 24 სახეობის გველი ბინადრობს

უვნებელი და შხამიანი – საქართველოში 24 სახეობის გველი ბინადრობს

ფოთლების, ბალახებისა და წყლის ქვეშ მცხოვრები ამ არსებების დიდი ხანია არასწორად ესმით და ეშინიათ ადამიანებს.

თუმცა გველების უმეტესობა არა მხოლოდ უვნებელია, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გარემოსთვის.

ეს კარგად იცის ნიკოლოზმა, რომელიც ქვეწარმავლებით ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში დაინტერესდა.

მან ევრონიუსის გადამღები ჯგუფისთვის ორი ანკარა დაიჭირა…

„თქვენ წინაშეა ორი სახეობის ფართოდ გავრცელებული ანკარა [გველი] – ჩვეულებრივი და წყლის ანკარა. საქართველოში ის ყველგან გვხვდება. დასავლეთ საქართველოში განსხვავებული სახეობა გვხვდება – მსგავსად ჩვეულებრივი ანკარისა, დიდი ზომისაა და ცოტა მელანისტია. ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, არიან უწყინრები. ცხოვრობენ ნესტიან, წყლიან ადგილებში. ზიანს არ აყენებენ მეურნეობას და ეკოსისტემაში აკისრიათ როლები“, – ამბობს ნიკოლოზ ალელიშვილი, ჰერპეტოლოგი.

ქვეწარმავლებით დაინტერესებულმა ნიკოლოზმა შემეცნებითი ფეისბუქ-გვერდი „რეპტილიები საქართველოში“ შექმნა. გვერდს 20 000-მდე გამომწერი ჰყავს და ძალიან ხშირად მათ აინტერესებთ თუ როგორ უნდა გაარჩიონ შხამიანი უვნებელი გველისგან.

“შხამიანი და არაშხამიანი გველის გარჩევა რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი. პირველ რიგში ეს მეთოდი გველის ფორმებია. როდესაც შხამიან გველს შევხვდებით, განსხვავებით არაშხამიანი გველისა, შედარებით მსხვილი ტანი და მოკლე კუდი აქვს. ამ შემთხვევაში ანკარა გველს აქვს სტანდარტულად დასრულებული გრძელი კუდი. შხამიან გველს კუდი უმთავრდება დაახლოებით აი, აქ [გვაჩვენებს] და მალევე ეწყება მსხვილი ტანი. ასევე, თავი საგრძნობლად გამოყოფილი და ყბები მკვეთრად გაწეული აქვს“, – ნიკოლოზ ალელიშვილი.

საქართველოში 24 სახეობის გველი ბინადრობს, აქედან შხამიანი მხოლოდ ცხრაა.

“საქართველოში მობინადრე შხამიანი გველებიდან ყველაზე საშიში გიურზაა. მას ახასიათებს მკვეთრი ხმა, შესაბამისად, ადვილადაა გასარჩევი. საქართველოში ბინადარი შხამიანი გველებიდან ეგზოტარიუმში ასევე გვყავს ცხვირრქოსანი გველგესლა, რომლის შხამიც თუ ადამიანი ალერგიული არაა, მომაკვდინებელი არაა“, – ამბობს დავით ბულაშვილი, ეგზოტარიუმის განყოფილების მომვლელი.

გველები ჩვენი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

ეს ანკარებიც ახლა მათ ბუნებრივ საცხოვრებელს დაუბრუნდებიან…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend