მთავარისაქართველოპრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებენ

პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებენ

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევის მოტივით, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას სახელმწიფოებრივად ამყარებს, საქართველოს პრეზიდენტი, სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დავას აპირებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სარჩელით 15 ივლისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს”, ე.წ. „რუსულ კანონს”. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს დავის უფლება აქვს, თუმცა სარჩელს ვერანაირი იურიდიული დასაბუთება ვერ ექნება.

„არასერიოზულია, როდესაც თავად კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. რა თქმა უნდა, მას ამისი უფლება კონსტიტუციით აქვს გარანტირებული. ის აპელირებს, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რაც სრულად უსაფუძვლო ბრალდება არის. რაიმე საფუძველი და კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი რომ ყოფილიყო, ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც გაჟღერდებოდა და ჩვენ მას განვიხილავდით“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე.

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება კონსტიტუციურ დავაში, თუმცა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობის იმედი ნაკლებად აქვთ.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამ კანონით ნამდვილად ირღვევა. ეს არ არის კანონი რეალური გამჭვირვალობის შესახებ. თავისი არსითა და მიზნებით ეს კანონი არის რუსული და მიზნად ისახავს ისეთივე ვითარების შექმნას ჩვენს ქვეყანაში, რაც ამ კანონმა მოიტანა რუსეთში მთელი ამ წლების განმავლობაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტი აპირებს დავას, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ყველა სამართლებრივი პროცედურა უნდა გავიაროთ, რათა შემდგომ ეს დავა გახდეს საერთაშორისო სასამართლოში დავის ბერკეტი, სტრასბურგში“, – ამბობს პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა“ ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიესალმებიან პრეზიდენტის ინიციატივას ე.წ. „გამჭვირვალობის“ სადავო კანონზე საკონსტიტუციო დავის შესახებ და ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამზადებენ მსგავს სარჩელს, იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი მაინც შენარჩუნდეს.

„რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ის ასე აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებასა და განვითარებას. ასევე შეაჩეროს ის ტალღა, რომელიც რეალურად რეპრესიების, თავდასხმის სახით მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია სამოქალაქო სექტორზე. პრეზიდენტის მსგავსად, სამოქალაქო სექტორიც ასევე შეიტანს ერთობლივ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები მაინც იყოს დაცული და სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს საქმიანობა“,- აცხადებს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI)” დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.

საკონსტიტუციო დავის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველის აპარატიც. თუმცა ლევან იოსელიანის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმით ჩაერთვება ამ პროცესში ომბუდსმენი.

„სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას, ეს იქნება სასამართლოს მოსაზრების ფორმით, რომელსაც წარმოვადგენთ სასამართლოში, თუ სხვა ფორმით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამაზე, მე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა განსხვავებულ კანონმდებლობაში სხვა ცვლილებების გზით, თუმცა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს”, – ამბობს სახალხო დამცველი.

ყველა მხარე სარჩელზე ცალ-ცალკე მუშაობს. პრეზიდენტმა უკვე დამოუკიდებლად მიმართა სასამართლოს. ჯერ უცნობია, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო სარჩელს ცალკე შეიტანენ, თუ გააერთიანებენ და ერთობლივ დავას დაიწყებენ. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა უკვე მიღებული კანონის აღსრულებას არ აჩერებს და სადავო კანონი პრაქტიკაში მედიასა და სამოქალაქო სექტორზე მაინც გავრცელდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend