მთავარიამერიკააშშ„ჩვენს პოლიტიკაში საჭიროა ტემპერატურის დაწევა“ - ჯო ბაიდენი

„ჩვენს პოლიტიკაში საჭიროა ტემპერატურის დაწევა“ – ჯო ბაიდენი

13 ივლისს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი სიკვდილს გადაურჩა. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავდა, როდესაც სროლის ხმა გაისმა.

პირველი გასროლიდან 43 წამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა თქვეს, რომ თავდამსხმელი, 20 წლის ტომას მეთიუ კრუკსი, მოკლეს.

შემთხვევას ყრილობის ერთ-ერთი მონაწილე ემსხვერპლა, ორი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

როგორც თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, იგი მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში დაიჭრა, თუმცა თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივი საავადმყოფო თავდასხმიდან რამდენიმე საათში დატოვა.

თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიტანონ წინასწარი დასკვნები თავდამსხმელის მოტივების შესახებ და რომ ქვეყნის პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევაა საჭირო.

„საჭიროა, ჩვენს პოლიტიკაში ტემპერატურის დაწევა და გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია, ჩვენ ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ.

უთანხმოება გარდაუვალია ამერიკულ დემოკრატიაში, ეს ადამიანის ბუნების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკა არასოდეს უნდა გახდეს პირდაპირი ბრძოლის ველი, ან ღმერთმა ნუ ქნას, მკვლელობის ველი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეპ ბორელმა მკაცრად დაგმეს პოლიტიკური ძალადობა და განაცხადეს, რომ დემოკრატიაში არ არის მსგავსი ინციდენტის ადგილი.

„ჩვენ ყველანი შოკირებული ვუყურებდით დონალდ ტრამპის, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, მკვლელობის მცდელობას. ეს არ არის მხოლოდ საშინელი დანაშაული, ეს ასევე არის ამერიკული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა. საბედნიეროდ, ტრამპი გადარჩა. მე მინდა მას სწრაფად გამოჯანმრთელება და სრული ძალებით დაბრუნება ვუსურვო, ჩემი მეუღლის, ისრაელის მინისტრებისა და მთელი ისრაელის სახელით”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

„დონალდ ტრამპის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა საშინელი დანაშაულია, რომელიც აუცილებლად უნდა დავგმოთ. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად სერიოზული, გლობალური გამოწვევების წინაშე დგას დემოკრატია. ძალადობამ ნებისმიერი ფორმით ვერსად უნდა გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ამ გამოწვევას გაუმკლავდება. ბატონ ტრამპს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვუსურვებ გამძლეობას ყველას, ვინც დაზარალდა. დაე, ყოველი ბოროტი განზრახვა წარუმატებელი იყოს და ყველამ აღადგინოს უსაფრთხოება, ვისაც ამის გაკეთება ძალუძს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

20 წლის მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობა სცადა, სამართალდამცავების ყურადღება თავდაპირველად მაშინ მიიპყრო, როდესაც დამსწრეებმა შენიშნეს, რომ იგი ღონისძიების ტერიტორიის მიღმა საეჭვოდ იქცეოდა. თუმცა ოფიცრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს, მანამ, სანამ იგი სახურავზე არ ავიდა და ცეცხლი გახსნა.

CNN-ის ინფორმაციით, ფედერალური ბიურო დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ თავდასხმას მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს. განიხილება შიდა ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობაც.

ფედერალური ბიუროს თანახმად, თომას მეთიუ კრუქსი მარტო მოქმედებდა და ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას. გავრცელებული ინფორმაციით, კრუქსმა AR ტიპის შაშხანა გამოიყენა, რომელიც მისმა მამამ კანონიერად შეიძინა. ასევე მას მანქანაში, რომლითაც ყრილობაზე მივიდა, ბომბის შესაქმნელი მასალაც ჰქონდა.

აშშ-ის მოქალაქეებისა და რიგი ექსპერტების აზრით, მომხდარი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსებს გაზრდის. თავად ტრამპი კი აცხადებს, რომ 15-18 ივლისს დაგეგმილი „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა.

„რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი წინასაარჩევო კამპანიის დროს ბატლერში, პენსილვანია, 13 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Gene J.Puskar

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს ქვეყნის გაერთიანების შანსია და ეს შანსი მას მიეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend