მთავარიგადაცემებიExploreველური ბუნება და ქურციკები ბაქოდან ერთი საათის სავალზე

ველური ბუნება და ქურციკები ბაქოდან ერთი საათის სავალზე

ქურციკები, ფაქტობრივად, მთლიანად გადაშენდნენ კავკასიის რეგიონში  1960-იან წლებში. დღეს მათ გამრავლებას ხელს უწყობენ აზერბაიჯანში –  შირვანის ეროვნულ პარკში, რომელიც ბაქოდან ავტომობილით სულ რაღაც საათ-ნახევრის სავალზეა. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ანკა ულე ამ პარკს ეწვია და საკუთარი თვალით ნახა მონავარდე ქურციკები.

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო შესანიშნავი ადგილია, რომ მოინახულო. თანაც ბაქოდან სულ ადვილად შეგიძლია ამ ქვეყნის საოცარ ბუნებაში გახვიდე.  დღეს შირვანის ეროვნულ პარკის მონახულებას ვაპირებ, რათა სუფთა ჰაერზე გავიდე და  თან ადგილობრივი ველური ბუნების მარვალფეროვნებით დავტკბე.

შირვანის ეროვნული პარკი ბაქოდან ავტომობილით საათ-ნახევრის სავალზეა. თუმცა გირჩევთ, სპეციალური, ყველგანმავალი ავტომობილით წახვიდეთ.

ეს პარკი 2003 წელს დაარსდა და მთელ კავკასიის რეგიონში ქურციკების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ აქ ბინადრობს. შირვანს ვრცელი ტერიტორია უკავია, 600 ათას ჰექტარზეა გადაშლილი და აქ უამარავი საპიკნიკე ადგილია, სადაც შეგიძლიათ წაიხემსოთ ან ჩაი დალიოთ.

“შირვანის პარკის შექმნის მთავარი მიზეზი ქურციკებისა და ნახევრად უდაბნოს კლიმატის მქონე შირვანის დაბლობის დაცვა იყო –  ფაქტობრივად, მთლიანი ეკოსისტემის დაცვა,“ – ამბობს სეიმურ კარიმოვი, შირვანის ეროვნული პარკის დირექტორი. „შირვანის პარკი ძირითადად ემსახურება სამეცნიერო კვლევებს, ასევე ტურიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების პირობების შექმნას“.

მთელ პარკშია მიმოფანტული სათვალთვალო ადგილები, საიდანაც ტურისტს შეუძლია, კარგად დაინახოს ცხოველები.

შირვანი წარმატებული კონსერვაციის კარგი მაგალითია. აქ ქურციკები გასული საუკუნის 60-იან წლებში, ფაქტობრივად, გადაშენდნენ როგორც მათი ბუნებრივი გარემოს ათვისების, ისე  ბრაკონიერეობის გამო. თუმცა როგორც ამ ნაკრძალის დირექტორი ამბობს, დღეისათვის  მხოლოდ აქ 7000 ქურციკი ბინადრობს. მათი ახლოდან დანახვა დიდი პრივილეგიაა.

ასეთი მშვენიერი ადგილის მონახულების დროს, როგორც წესი, გული ყველაზე მეტად იმაზე გწყდება, რომ შენი გადაღებული ფოტოები ვერ გადმოსცემს სრულყოფილად სილამაზეს. საბედნიეროდ, მე უნდა შავხვდე იმ ადამიანს, რომელიც დამეხმარება, კარგი ფოტოები გადავიღო.

ალექსეი ლიოკინი აზერბაიჯანელია და იგი ველური ბუნების ფოტოგრაფია. იგი თითქმის ყველგან იღებს ფოტოებს, სადაც თვალწარმტაცი ბუნებაა. მას დიდებული ნამუშევრები აქვს, რომლებიც მრავალწლიანი მძიმე შრომისა და გამოცდილების შედეგია.

ალექსეი, გვიხსნის, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინო, როცა ცხოველს უღებ ფოტოს.

ალექსეი ლიოკინი, ველური ბუნების ფოტოგრაფი:

„ჩემი აზრით, მთავარია, მომენტი დაიჭირო. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია კომპოზიცია და განათება, დაცდაც უნდა შეგეძლოს. რაც უფრო დიდხანს ელოდები, მით მეტი შესაძლებლობა გაქვს, რომ კარგი მომენტი დაიჭირო.  ძალიან დიდხანს უნდა იცადო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 4-5 საათი არ გავნძრეულვარ“.

გადაღება ჩიტებით დავიწყეთ. შირვანის ეროვნულ პარკში 230 სახეობის ფრინველია, მათ შორის გედები, ვარხვები, არწივები და თვით ფლამინგოები. მალე მივხვდი, რომ მათი კამერაზე აღბეჭდვა ადვილი არ არის.

ისეთი ცხოველების გადასაღებად, როგორებიც არიან ქურციკები და გარეული ტახი, მნიშვნელოვანია, დაიმალო, რათა არ დააფრთხო.

ველური ბუნების გადაღების მოკლე ექსკურსია ალექსეისთან ერთად ჩემი მოთმინებისთვის ნამდვილი გამოცდა გამოდგა.

ჩემი ფოტოები მაინცდამიანც არ ვარგა, მაგრამ ვისწავლე, რა არის მოთმინება, როცა გსურს ველური ცხოველი ფირზე აღბეჭდო.

ბაქოში რომ ვბრუნდებოდი, გზად გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალშიც შევიარე, რომელიც უძველესი პეტროგლიფებით არის ცნობილი. ზოგიერთი მათგანი მეზოლითური ხანის დასასრულს მიეკუთვნება, დაახლოებით 8000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

აქ მთელი დღე ტურისტები და ისტორიის მოყვარულები ირევიან, მაგრამ რამდენიმე საათში სურათი იცვლება. დღის ბოლოს ბოიუკდაშის მთის წვერზე ავედი, რათა მზის ჩასვლისთვის მეცქირა. ეს ის საიდუმლო ადგილია, რომლის შესახებაც მხოლოდ ადგილობრივებმა იციან. ჰაერში მთის პიტნისა და ბეგქონდარას სურნელი ტრიალებდა, ჩამავალი მზის სხივები კი ჯადოსნურ იერს ანიჭებდა ამ წუთებს.

ნამდვილად საოცარია, როცა დაფიქრდები, რომ ამდენი სხვადასხვა პეიზაჟის ნახვა ქალაქთან ასე ახლოს –  მხოლოდ ერთ დღეში შეგიძლია. ნამდვილად ღირს ასეთი ექსკურსიის მოწყობა, როდესაც ბაქოში მოხვდებით.

ავტორი: ანკა ულეა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend