მთავარისაქართველოპოლიტიკური პარტიები როგორც ერთობით, ისე ცალ-ცალკე ემზადებიან არჩევნებისთვის

პოლიტიკური პარტიები როგორც ერთობით, ისე ცალ-ცალკე ემზადებიან არჩევნებისთვის

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქართულ პოლიტიკურ ველზე ძალთა გადანაწილება და ახალი თუ აღდგენილი ძველი კავშირები სულ უფრო მკაფიო ხდება. რამდენიმე ერთობა უკვე გამოიკვეთა, ნაწილი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. აზრთა დაახლოებისა თუ სხვადასხვაობის მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ეტაპზე ერთმანეთს წარმატებებს უსურვებენ საერთო კონკურენტის, „ქართული ოცნების“, დამარცხების საქმეში. ამავე დროს შემდგომ თანამშრომლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

„გერმანია, აშშ, ევროკავშირი აჩერებს სრულად დახმარებას. ეს არის უდიდესი დარტყმა და სამწუხარო ფაქტი. არ მგონია, რომ საქართველოში ეს ვინმეს შეიძლება გაუხარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქედან გამოსავალი გვაქვს. ეს არის ერთიანობა და ერთსულოვნება 26 ოქტომბერს. ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ და ამ სირცხვილისგან „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა გავთავისუფლდეთ. სირცხვილია, როცა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოიკოტს უცხადებდა დიპლომატიურ მიღებებს, მიდის საფრანგეთის მიღებაზე და იმდენად აქვს თავი მოჭრილი, მას მიმართვის, სიტყვის თქმის, უფლებაც არ აქვს დარჩენილი. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ეს ნათელია. ნახეთ ხომ გუშინდელი მიღება, მოვიდა და სწრაფად გაიპარა, იმიტომ, რომ იცოდა გარშემო არავინ იყო, ვინც ერთ პოზიტიურ სიტყვას ეტყოდა. ხელს ვერავის ართმევს. სირცხვილია, ქვეყანას პრემიერ-მინისტრი რომ ჰყავს, რომელსაც ხელის ჩამორთმევის ეშინია; პრემიერ-მინისტრი რომ ჰყავს, რომელიც სცენიდან საზოგადოებამ გააგდო დიდი საფეხბურთო პოზიტიური დღის დროს. ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ და გზა არის ერთიანობა. ჩვენგან ფრანგებიც, ევროპელებიც, გერმანელებიც ელოდებიან ერთიანობას, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად“, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი ვაშაძემ.

ერთობაში არშესული პარტიების ნაწილი კი, დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და კონკურენტებს საპირწონე ძალად არ აღიქვამს.

„ნაცმოძრაობისა” და „ოცნების” წითელ ხაზებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც შეეხება „ლელოს”, „ლელოსთან” დაკავშირებით ასევე იცით ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ”. თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ. ჩვენი გუნდი დამოუკიდებლად მიიღებს ამ არჩევნებზე მონაწილეობას“, – აცხადებს „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური.

ოპოზიციური პარტიები, ზოგი ცალ-ცალკე თუ ნაწილი ერთად, პოლიტიკური წონით, გამოწვევაა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველი გუნდის გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზულად დიდი ფინანსური, საერთაშორისო და საინფორმაციო რესურსია მობილიზებული, რაც პოლიტიკურ კონკურენციას ამაღლებს. „ქართული ოცნება“ ოპონენტების შეფასებისას კვლავ „ომსა და მშვიდობას“ შორის გასაკეთებელ არჩევანზე საუბრობს.

„„ნაცმოძრაობისგან“ ახალი სახელი ექნება თუ ძველი, არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლითა და დანაშაულით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. აქ კიდევ დაემატნენ გარკვეული ფიგურანტები, მაგრამ გახარიასთვის ძალიან რთულია, გაერთიანდეს ამ ჯგუფში. ამიტომ, შემოვლითი გზით აპირებს შემოძრომას ამ კონგლომერატში. ეს არ არის ეკლექტური, ეს არის თანამოაზრეთა გაერთიანება, დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. სალომეს გარშემო დადგებიან, სალომეს გვერდით მოიტოვებენ, მათთვის ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. ის ძარღვი უკვე გაწყდა და არავითარი შედეგი არ მოუტანია. მით უმეტეს, პრინციპებზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. თუმცა, მათ აქვთ უზარმაზარი ფინანსური რესურსი, საგარეო მხარდაჭერა. არასამთავრობო ორგანიზაციები მათი ნაწილია და შესაბამისად, სერიოზული ძალაა. ასე უგულებელყოფა არ შეიძლება. მაგრამ აქ ჩნდება ერთი საკითხი. ერთ მხარეს არის სტაბილურობა და მეორე მხარეს დესტაბილიზაცია. მეეჭვება ქართველმა ხალხმა მეორე აირჩიოს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ოპოზიციაში აქტიური კონსულტაციები და მოლაპარაკებები ერთობების შექმნასა და პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტია“ წარუდგინა საზოგადოებას. ამ ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან სიღრმისეული თანამშრომლობით დაიწყეს. „ქართული ოცნება“ კი, ჯერჯერობით არ ჩქარობს საარჩევნო სიის, გეგმებისა და პროგრამის წარდგენას საზოგადოებისთვის. მმართველი პარტია ახლა პოლიტიკურ კონკურენტებს აკვირდება და მათ ძალას სწავლობს. აქტიური საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე სამი თვით ადრე, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend