მთავარიევროპაუკრაინაჯო ბაიდენი: „თუკი დავუშვებთ და რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ისინი არ გაჩერდებიან“

ჯო ბაიდენი: „თუკი დავუშვებთ და რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ისინი არ გაჩერდებიან“

გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 99 ხმით მიიღო უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქვეყანაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებას, მათ შორის, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს შეეხება. გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედრო შენაერთები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და დაუბრუნოს უკრაინას ეს ობიექტი. ამ გადაწყვეტილებამ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ძალიან გააღიზიანა.

„ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონები რუსეთის ფედერაციის ნაწილია კონსტიტუციის მიხედვით. არ არსებობს, რომ ჩვენ ეს უკან დავუბრუნოთ. და არა იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ახირებაა, არამედ იმ ხალხის გამო, რომელიც იქ ცხოვრობს. ასე რომ, არავინ იცის, როგორ დასრულდება მესამე მცდელობა. რაც შეეხება უკრაინას, ძნელია წინასწარ გათვლა. მე რომ უკრაინის ადგილას ვიყო, ასეთ რისკზე არ წავიდოდი“, – აცხადებს დიმიტრი პოლიანსკი, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

რუსეთის შემტევი აგრესიული დამოკიდებულება, გაეროს ტრიბუნის გარდა, ბრძოლის ველზეც ცხადად აისახება. სწორედ ამას აღნიშნავენ დასავლელი ლიდერები, როდესაც ამბობენ, რომ კრემლი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება, თუ ისინი ამ ქვეყანაში წარმატებას მიაღწევენ. მიუხედავად დიდი ზარლისა, რუსული სამხედრო იერიშები გრძელდება. ამ საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და ამბობს: „მათ (რუსეთმა) დიდი ზარალი და მსხვერპლი გამოიწვიეს. ამავდროულად, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 350 ათასი ჯარისკაცი. მილიონამდე ახალგაზრდა ბრძოლისუნარიანი მოქალაქე რუსეთს ტოვებს, რადგან ისინი მომავალს ვერ ხედავენ იქ. მათ პრობლემები ექმნებათ. მაგრამ ერთ რამეს კარგად აკონტროლებენ, მათ შეუძლიათ მართონ საზოგადოების პროტესტი. ეს კი ჩანს იმით, თუ რა მექანიზმებს იყენებენ ისინი საზოგადოების კონტროლისთვის. ისინი იტყუებიან, ატყუებენ საკუთარ ამომრჩევლებს. უმალავენ, რა ხდება რეალურად. ერთი რამ ცხადია, თუკი დავუშვებთ და რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ისინი არ გაჩერდებიან“.

ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შემდეგ გააკეთა. სამიტი მნიშვნელოვანი სიახლეებით დასრულდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საუბრობს იმ სიახლეებზე, რომლებიც უკრაინის ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს.

„ლუქსემბურგი – წელს 80 მილიონი ევრო გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად და ამ პროცესს კვლავ გააგრძელებს;

ნიდერლანდები – უკრაინას F16-ების შეიარაღების შესაძენად 300 მილიონ ევროს გაუგზავნის;

გერმანია – აწვდის დამატებით საჰაერო თავდაცვის საშუალებებს;

დიდი ბრიტანეთი – აქტიურად განვიხილავთ ბრიტანული ფრთოსანი რაკეტების – „შტორმ შედოუს“ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე გამოყენების ნებართვის საკითხს“,  აღნიშნავს რუსტემ უმეროვი.

რაც შეეხება რუსულ დანაკარგს… უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ერთ დღეში რუსეთის საოკუპაციო არმიამ დაკარგა 1030 სამხედრო მოსამსახურე, განადგურდა რუსული 9 ტანკი, 23 ერთეული ჯავშანმანქანა, 48 საარტილერიო საშუალება, საჰაერო თავდაცვის 2 საშუალება, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 26 დრონი, 5 ფრთოსანი რაკეტა, 11 ირანული წარმოების დამრტყმელი დრონი „შაჰიდი“. ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები დონეცკის რეგიონში ტორეცკისა და პოკროვსკის ფლანგებზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend