მთავარისაქართველოდასვენება ცხელ ზაფხულში - თბილისის შემოგარენში წელს უძრავი ქონების ქირის ფასი საგრძნობლადაა...

დასვენება ცხელ ზაფხულში – თბილისის შემოგარენში წელს უძრავი ქონების ქირის ფასი საგრძნობლადაა გაზრდილი

სად შეიძლება წავიდეთ მაშინ, როცა ტემპერატურა 35С-ს აღწევს, თუმცა სამსახურისა თუ სხვა მიზეზების გამო ქალაქიდან შორს წასვლას ვერ ვახერხებთ? ბევრისთვის საუკეთესო გამოსავალი  თბილისის შემოგარენში არსებული საზაფხულო სახლისა თუ კოტეჯის ტიპის უძრავი ქონების დაქირავებაა, თუმცა ეს აქამდეც ძვირი სიამოვნება იყო, წელს კი, როგორც უძრავი ქონების ექსპერტები და დამქირავებლები ამბობენ, ფასები კიდევ უფრო გაზრდილია.

„საქართველოში ცხელი ზაფხული გვაქვს და განსაკუთრებული სიმძაფრით ამას დედაქალაქის მაცხოვრებლები აღვიქვამთ. ამიტომ, ზაფხულობით ყოველთვის ჩნდება მოთხოვნა თბილისის შემოგარენში ე. წ. საკურორტო ზონებში არსებული საზაფხულო სახლებისა და კოტეჯების ტიპის უძრავი ქონების ქირაზე. რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, რომელიც ზაფხულში დასასვენებლად ამგვარ ობიექტს ეძებს? უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ამ სურვილთან თანხვედრაში იყოს მსურველის შესაძლებლობა და ფინანსური მხარე. სააგარაკე ტიპის საზაფხულო საცხოვრებელი სახლის ქირის ფასის დიაპაზონი თბილისის შემოგარენში საკმაოდ ფართოა. დღიურ გაქირავებაში მინიმალური ფასი 100 ლარია და დაახლოებით 600-650 ლარამდე იზრდება,“ – აღნიშნავს მაკა სურგულაძე, უძრავი ქონების კომპანია RE/MAX REALTY PARK-ის წარმომადგენელი.

მარიამ ბარნაბიშვილი თბილისის მაცხოვრებელია. ჩვეულებრივ, ზაფხულში შვილთან, ოთხი წლის ნინასთან ერთად კოჯორში ისვენებს. მარიამი აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით კოტეჯის დაქირავება წელს გაცილებით ძვირი უჯდება და ამასთან, პირობები, რომელსაც გამქირავებლები დამსვენებლებს სთავაზობენ, არადამაკმაყოფილებელი და ფასთან შეუსაბამოა.

„სამსახურის გამო ყოველთვის ვცდილობთ, რომ თბილისთან ახლოს დავისვენოთ. უკვე ოთხი წელია კოჯორში ვისვენებთ. ფასები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი. აქამდე კოტეჯს ორი თვით დაახლოებით 1 600$-ად ვქირაობდით. წელს კი, მხოლოდ ერთი თვისთვის მინიმუმ 1 000 – 1 200$ უნდა გადაიხადო. შემიძლია ვთქვა, რომ პირობები ფასთან შეუსაბამოა. ჩემი აზრით, როცა დამსვენებელი გყავს და ამხელა თანხას იღებ, კოტეჯი მეტად მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი უნდა იყოს“, – ამბობს მარიამ ბარნაბიშვილი.

თბილისის შემოგარენში საზაფხულო სახლებისა თუ კოტეჯების ფასის წარმოქმნა და განსაზღვრა სხვადასხვა კომპონენტებზეა დამოკიდებული. მათ შორის მთავარი გეოგრაფიული მდებარეობაა.

„რაც უფრო ახლოსაა სააგარაკე ზონა ქალაქთან, მით უფრო მაღალია ფასი, რადგან უკეთაა განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა და ამ ზონებიდან ადამიანებს სამსახურში ყოველდღიურად სიარული შეუძლიათ. ამიტომ, ეს ფაქტორი განმსაზღვრელია ფასის წარმოქმნისას. რა თქმა უნდა, განმსაზღვრელია კომფორტიც. ასეთი ტიპის უძრავი ქონების დაქირავება ძვირი სიამოვნებაა. მიზეზი ისაა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით ბალანსი არ გაქვს. ამ ტიპის უძრავი ქონება თბილისის შემოგარენში რაოდენობრივად არ არის საკმარისი და ამასთან, ხარისხობრივადაც ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელსაც დამქირავებელი უყენებს გამქირავებელს“, – ამბობს მაკა სურგულაძე, უძრავი ქონების კომპანია RE/MAX REALTY PARK-ის წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend