მთავარისაქართველო„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ეს ძალიან დასანანია”, - გერმანიის ელჩი საქართველოში

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ეს ძალიან დასანანია”, – გერმანიის ელჩი საქართველოში

უკვე ორი დღეა თბილისში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები დახურულ ფორმატში განიხილავენ ევროკავშირში გაწევრების გზაზე თითოეული ქვეყნის შემდგომ ნაბიჯებს.

თბილისში ღია საზოგადოებისა და კიდევ ოთხი ფონდის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას ესწრებიან სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გარდა, კონფერენციას ესწრებიან ბუნდესტაგის საგარეო და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები. დღეს კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

“აქ ევროკავშირის გაფართოებას განვიხილავთ, გერმანიის პარლამენტის სამი წევრი იმყოფება აქ, ეს საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. ევროკავშირის საბჭომ, რომელიც შედგება 27 წევრი ქვეყნის იმ ლიდერებისგან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას გაფართოებაზე, განაცხადა 27 ივნისს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება.

ძალიან სამწუხაროა, რადგან შესაძლოა ვითარება სხვაგვარად ყოფილიყო. შეიძლება ძალიან სწრაფად მივდიოდეთ წინ, ეს არის ჩვენი სურვილი, მაგრამ ამ პროცესის სისწრაფე და ხარისხი, კანდიდატი ქვეყნის ხელშია. რაც შეეხება გერმანიას, ჩვენც მრავალმხრივ ვაწარმოებთ გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გადახედვას, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ფართო და ღრმაა, როგორც ალბათ იცით.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ვართ, როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობას ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთან აღარ ავიღოთ რაიმე ახალი ვალდებულებები, ამ ეტაპზე გერმანია საქართველოსთან დამატებითი ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, გერმანიის შეიარაღებული ძალებიც ეთიშება ღირსეული პარტნიორი 2024-ის წვრთნებს, ასევე, გავაუქმეთ დიდი იურიდიული ფორუმი, რომელიც შარშან თბილისში გაიმართა და წელს უკვე ბერლინში უნდა გამართულიყო.

განვიხილავთ დამატებით ზომებსაც, რომ შევაჯამო, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ეს ძალიან დასანანია, ჩვენ ბევრად უფრო წინ უნდა ვიყოთ, მე ვთხოვ ქართველ მეგობრებს, ჩვენ გვინდა რომ ევროკავშირს შემოუერთდეთ, ძალიან მოხარულები ვიქნებით, მაგრამ თქვენ იცით როგორია პროცესი, თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ სტანდარტებს, სხვა შემთხვევაში, ევროკავშირში ვერ შეხვალთ. საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი ქართველი მეგობრები უნდა დაფიქრდნენ. რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირი თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, შვილთაშვილებისთვის, თუ ეს ის არის, რაც გსურთ, კურსს უნდა დაუბრუნდეთ”, — განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend