მთავარიაზიაირანიპროდასავლური ლიდერობის ქვეშ მოქცეული ისლამური ირანის გაურკვეველი მომავალი

პროდასავლური ლიდერობის ქვეშ მოქცეული ისლამური ირანის გაურკვეველი მომავალი

თეირანში ახალი პრეზიდენტისგან ეკონომიკური ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან. საუბარია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, რომლებმაც ისლამური რესპუბლიკა წნეხში მოაქციეს ბირთვული იარაღით შანტაჟის, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მოსკოვის საბრძოლო ტექნიკით მომარაგებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გამო.

„სანქციების მოსახსნელად, პირველ რიგში, უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას მსოფლიო ლიდერებთან და ვნახოთ, რა არის მათი მოთხოვნები და რა – ჩვენი. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი ქვეყანა არ დასუსტდეს“, – ამბობს თეირანში მცხოვრები მოქალაქე.

„ფეზეშქიანმა უნდა შეამციროს წნეხი მოქალაქეებზე. სულ მცირე ეკონომიკური მაინც. მე არ ვსაუბრობ პოლიტიკურზე. მე ტაქსის მძღოლი ვარ, მუშაობას ვიწყებ დილის 4 საათისთვის და საღამოს 4-ამდე ვმუშაობ. არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინები. უკეთესი ცხოვრება მინდა“, – აღნიშნავს მოქალაქე.

მოქალაქეების მოლოდინების მიუხედავად განსხვავებული შეხედულებები აქვთ საერთაშორისო ექსპერტებს. მათი შეფასებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ახლად არჩეული ფეზეშქიანი სახელმწიფოს ერთპიროვნულად ვერ მართავს და ვერც რეფორმების წარმართვაში იქნება დამოუკიდებელი. ამ ფაქტს განაპირობებს ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის სულიერ ლიდერს პოლიტიკურ ლიდერზე მეტი უფლებამოსილება აქვს და სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტის გადაყენებაც შეუძლია.

მასუდ ფეშექზიანი საკუთარ ქალიშვილსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ რეზა არეფთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თეირანი, ირანი, 3 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vahid Salemi

„შედეგების გამოქვეყნებისთანავე ფეზეშქიანმა განცხადების გასაკეთებლად არჩია აიათოლა რუჰოლა ხომეინის რეზიდენციაში დაბრუნება, რომელიც მასზე კონსერვატიულადაა მიჩნეული. ამავდროულად, ის ეთანხმება კონკრეტული რეფორმების მოდიფიცირებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვიმუშაოთ მათთან, ვინც არც ისე კარგადაა განწყობილი ირანული ინსტიტუტებისა და ისლამური რესპუბლიკის წესებისადმი. შესაძლოა, ეს ახლანდელი კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალია. ირანი ატომური ბომბის შექმნის ზღვარზეა, ასე რომ, ჩვენ აღარ გვაქვს ბატონი ბორელის ხანგრძლივი ლოდინის ფუფუნება“, – აცხადებს მეჯიდ გულპური, „ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის“ პროფესორი.

ცნობილია ახალი პრეზიდენტის საშინაო რეფორმების ნაწილიც. ფეზეშქიანი გეგმავს შეამსუბუქოს საკანონმდებლო რეგულაციები. ახალი პოლიტიკური ლიდერი არ ემხრობა ჰიჯაბის ტარების მკაცრ პრაქტიკასა და ე.წ „მორალის პოლიციის“ არსებობას. ხაზგასასმელია ისიც, რომ 2022 წელს თეირანში ახალგაზრდა ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაუდგენელ ვითარებაში სიკვდილის შემდეგ ფეზეშქიანი იყო ერთ-ერთი იმ ოფიციალურ პირთა მცირე სიიდან, რომლებმაც ღიად მოითხოვეს გამოძიების გამჭვირვალობა.

„პრინციპული რეფორმისტი“ ეთნიკური უმცირესობების დაცვასაც ემხრობა, თუმცა ამ მიდგომის გამო რამდენჯერმე კრიტიკული განცხადებების სამიზნედ იქცა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას. პოლიტიკურმა ოპონენტებმა ფეზეშქიანი ირანის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის ნაციონალისტური განწყობების მიმართ ლოიალურად შეაფასეს, რასაც თავად ის კატეგორიულად უარყოფს.
ჯერჯერობით რთულია იმის პროგნოზირება, რა შედეგს მოიტანს ირანის ახალი, პროდასავლური შეხედულებების მქონე პრეზიდენტი, თუმცა ქვეყნის სულიერი მამისადმი ფეზეშქიანის ლოიალური დამოკიდებულების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გარდამტეხი რეფორმებით შეცვლის ირანის ცნობილ რიტორიკას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend