გერმანიის ბუნდესტაგის წევრებმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.
ბუნდესტაგის წევრებმა საქართველოში შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე შექმნილ წინაღობებზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ოქტომბერში ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული პროტესტისა და საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება და საქართველოს მთავრობის რიგი გადაწყვეტილებები დრამატულ ვითარებას ქმნის.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში რობინ ვაგენერმა, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა კნუტ აბრაჰამმა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერმა ევროპული პოლიტიკის საკითხებში თომას ჰაკერმა.
„გასული წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გერმანიაში დებატები მიმდინარეობდა, მე საქართველოს მხარს ვუჭერდი. ქვეყანას კანდიდატის სტატუსი რეკომენდაციების გათვალისწინების იმედით მიენიჭა. რეკომენდაციებს შორის იყო მჭიდრო თანამშრომლობა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხელისუფლებას უნდა ემუშავა დეპოლარიზაციისა და ევროკავშირის ფასეულობებთან თანხვედრის მიმართულებით. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პროცესში უკუსვლას ვხედავთ. მე ძალიან შეწუხებული ვარ ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის” გამო, რომელიც უპრეცედენტო საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს. ეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული. იგი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის მიუხედავად მიიღეს. კანონი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრებისკენ მიისწრაფვის. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საქართველოს ინტერესებში უნდა შედიოდეს, მაგრამ ახლა ჩვენ ამის საწინააღმდეგოს ვხედავთ“, – განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში რობინ ვაგენერმა.
„ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არჩევნები ტარდება და მოსახლეობა ხმის მისაცემად წავა. მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპელი პარტნიორებისთვის მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებზე დაკვირვებაა, თუმცა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელი გზით გაგრძელდება სვლა, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს”, – განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, საგარეო კომიტეტის წევრმა, კნუტ აბრაჰამმა.
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის” გუშინ დაიწყო.