ევროკავშირის ახალი წესები მიზნად ისახავს იმ კომპანიების რეგულირებას, რომლებიც თავიანთ ნაწარმს ეკოლოგიურად ასაღებენ. ევრონიუსმა მთელი ევროპა მოიარა, რათა გაერკვია, თუ რა ახალ წესებს უნდა დაექვემდებაროს სულ მალე დახლზე გამოფენილი პროდუქციის იარლიყზე განთავსებული ინფორმაცია.
მათ ყველგან ნახავთ სავაჭრო დახლებზე: ეკომეგობრული ფორმულებითა თუ მახასიათებლებით გადაჭრელებული იარლიყები და ეტიკეტები, რომლებზეც წერია, რომ ესა თუ ის ბრენდი გარემოზე ზრუნავს. მაგრამ ჩნდება კითხვა – მაინც სად გადის ზღვარი გარემოზე ზრუნვასა და ეკოლოგიური ინფორმაციით მანიპულირებას შორის?
ეტიკეტების რეგულირების წესები ევროპაში 2026 წლიდან იცვლება. ახალი დირექტივა მიზნად ისახავს, რომ მომხმარებელი ეკოლოგიური ინფორმაციით მანიპულირებისგან უკეთ დაიცვას. მაგალითად ეტიკეტზე უბრალო სიტყვა „ეკომეგობრული“ შესაძლოა ვეღარ დააწერონ.
მირიამ თიემანი, „ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციის“ პოლიციელი:
“ეს, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს. ეს არის ბუნდოვანი ინფორმაციის კარგი მაგალითი. ასეთი ბუნდოვანი დახასიათება აიკრძალება. ვეღარ იტყვი უბრალოდ „ეკო“ ან „მწვანე“ ან რაღაც ამის მსგავსს. უნდა დააზუსტო, რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ შენი პროდუქტი მწვანეა ან ეკოლოგიური. თუ გინდა, რომ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლო, უნდა შეგეძლოს იმის დამტკიცებაც, თუ რატომ ითვლება ეკოლოგიურად მთლიანად პროდუქტი და არა მხოლოდ მისი ერთი ასპექტი“.
ევროკავშირში უფრო შორსაც აპირებენ წასვლას. იგეგმება, რომ მწარმოებელთა ეკოლოგიური პრეტენზიები სისტემატურად გადამოწმდეს და დამტკიცდეს. სწორედ ამას ისახავს მიზნად კიდევ
“ამ დირექტივის იდეა ის არის, რომ სანამ მოვაჭრე ეტიკეტზე დააწერს „მწვანეს“, ყველა საჭირო მტკიცებულება მოაგროვოს იმისა, რომ მისი პრეტენზია საფუძვლიანია. ამას გარდა, დამოუკიდებელი ექსპერტი გადაამოწმებს, თუ რამდენად საკმარისი და საფუძვლიანია მტკიცებულებები და რამდენად მიჰყვება დირექტივას“, – განმარტავს მირიამ თიემანი
ევროპის ეკოლოგიური ეტიკეტირების სერტიფიკატი ე.წ. Ecolabel-ი 30 წლის წინ შექმნა ევროკომისიამ. ახლა ევროპული პროდუქტით დატვირთული ავტომობილი მთელ ევროპაში მოგზაურობს, რათა Ecolabel-ის მქონე პროდუქციას რეკლამა გაუკეთოს.
“ყოველი კომპანია, რომელიც მიმართავს ევროკავშირის ეკოეტიკეტს Ecolabel-ს, აბარებს სრულყოფილ დოკუმენტაციას დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად არის თანხმობაში მათი საქმიანობა ეკოეტიკეტის ecolabel მოთხოვნებთან“, – ამბობს მირიამი.
ევროკავშირის ეკოლოგიური ეტიკეტი ევროკავშირის მასშტაბით 100 ათას პროდუქტსა და მომსახურებას მიენიჭა. ჩვენ ფლანდრიაში ჩავედით კომპანია Glowi-ს ერთ-ერთი ფილიალის სანახავად, რომელსაც Ecolabel-ი აქვს. Glowi-ი საყოფაცხოვრებო ქიმიის სექტორის ლიდერია და 15 ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავს.
კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ უსაფრთხოების მიზნით სერტიფიცირებული სარეცხი საშუალებები ჰქონოდათ.
“დაგეგმილ რეგულაციებსა და პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, ეს ეტიკეტები სულ უფრო მნიშვნელოვანი ჩანს. ძალიან ბევრი ეტიკეტია გარემოსდაცვის მიმართულებით“,- განმარტავს ჯუდით უიტერსი, ESG & Diversity Manager, Glowi -ის გარემოს, სოციალური დაცვისა და დივერსიფიციკაციის მიმართულების მენეჯერი. „კომპანია გლოვი Glowi ფასეულობაზე ზრუნავს და ამიტომ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეკოეტიკეტი სწორედ იმ კრიტერიუმებს იცავს, რომლებიც ჩვენთვისაც ღირებულია“.
“ხალხი სახლში მეტისმეტად ბევრ წყალსა და სარეცხ საშუალებას ხარჯავს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაღაც შეგვეცვალა, რადგან სარეცხი საშუალების სახიფათოდ დიდი დოზით მოიხმარენ,“ – ამბობს ელი ჰიუსმანსი, Glowi-ის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. „ ეს კი ჩვენს ბიზნესზე შემდეგნაირად აისახება: ხალხი ნაკლებად ავადდება, შესაბამისად, მეტი ადამიანი შრომობს, მომხმარებელი ბედნიერია და, რასაკვირველია, ბიზნესიც იზრდება“.
ეკოლოგიური მახასიათებლებით მანიპულირებასთან ბრძოლის კუთხით, ევროკავშირს, სავარაუდოდ, მთელ კონტინენტზე აუბამენ მხარს. ზოგიერთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დამაბნეველი ინფორმაცია არ გაიპაროს.
მაგალითად ნიდერლანდებში, მეთვალყურეობა კომპანია ACM-ს აბარია. ეს კომპანია ჰააგაშია ფუნქციონირებს და მისი მთავარი პრიორიტეტი მდგრადობაა. კომპანია ACM-ი მრავალი სექტორის გიგანტს დაუპირისპირდა, მაგალითად, ენერგეტიკისა და ავიაინდუსტრიის სფეროებში. განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ საკუთარი პროდუქტის წარმოებისა თუ მომსახურების მიწოდების დროს ნახშირბადნეიტრალურ სტანდარტებს იცავს.
ედვინ ვან ჰოუტენი, ნიდერლენდების მომხმარებლისა და ბაზრის დაცვის სამთავრობო ადმინისტრაციის (ACM) მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:
“როდესაც რაღაც ისეთს აკეთებ, რაც კლიმატსა და გარემოს აბინძურებს, შედეგი სახეზეა და მას ვეღარ შეცვლი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მომხმარებელს, რომ უკეთ იყოს ინფორმირებული და შეძლოს უფრო ეკოლოგიურ პროდუქტზე გააკეთოს არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია იმ კომპანიების დაცვაც, რომლებიც გარემოზე ზრუნავენ“.
წელს ACM-მა გააფრთხილა Booking.com-ი, რომ ევროკავშირის ახალ წესებზე გადასვლისთვის მოემზადოს. ამიტომ „მდგრადი მოგზაურობის“ ნიშანი ამ კომპანიის ვებგვერდზე შეიცვალა მდგრადი პროგრამით, რომელიც მესამე მხარის სერტიფიცირებას ექვემდებარება. უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად, ჩვენ ევროპის წამყვანი სამოგზაურო სააგენტოს სათავო ოფისს ვეწვიეთ.
“ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით იმ საკითხს, თუ როგორ შეგვიძლია უფრო ეკოლოგიური არჩევანი გავაკეთებინოთ მოგზაურებს,“ – ამბობს დანიელა დ’სილვა, Booking.com-ის მდგრადი მიმართულების ხელმძღვანელი. „მესამე მხარის სერტიფიცირება არის ექსპერტული ორგანო, რომელიც ადგენს დაბინავების ეკოლოგიურ სტანდარტებს. ისინი მიდიან და აფასებენ ბინას, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ნამდვილად შეესაბამება კრიტერიუმებს. ჩვენ სერტიფიკატის რამდენიმე გამცემთან ვთანამშრომლობთ. მათი ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელია ევროკავშირის Ecolabel-ი. შემდეგ მოგზაურობის მსურველი თავად დარწმუნდება, თუ რამდენად გათვალისწინებულია ბინაში ყველა მოთხოვნა და უკვე ნდობა გაუჩნდება ამ ეტიკეტის მიმართ. ჩვენს ბაზაში 16 ათასი სერტიფიცირებული ფართია. კიდევ უფრო მეტია არასერტიფიცირებული. ასე რომ, ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ფართის მფლობელებს, მიიღონ სერტიფიკატი.“
ევროკავშირის Ecolabel-ი სულ უფრო მეტ ფართს ანიჭებს ეტიკეტს. რამდენიმე სერტიფიცირებული სივრცე ნიდერლანდებშიცაა. მათ შორის არის ამსტერდამში კარგად ცნობილ ვონდელის პარკში (Vondelpark) მდებარე პოპულარული ახალგაზრდული ჰოსტელი Stayokay-ი.
“ეს სერტიფიკატი აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად უდგები საკითხს,“ – განმარტავს მარეიკე შრაინერი, კომპანია Stayokay-ის ხელმძღვანელი. „ეს არ არის მანიპულაცია. ევროპული წესები მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს და უნდა დაამტკიცო, რასაც აკეთებ. ამას საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული რესურსი სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ სასიკეთოა, რადგან სხვაგვარად ინფორმაციით მანიპულირება არ გაქრება“.
ავტორი: სირილ ფურნერისი