ნატოს მოკავშირეები ალიანსის 75-ე საიუბილეო სამიტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ უსაფრთხოების კრიზისთან გამკლავების გზებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
სამდღიან სამიტზე, რომელიც ვაშინგტონში 9 ივლისს დაიწყო, 32 წევრი ქვეყნის ლიდერი უკრაინის გრძელვადიანი დახმარების გზებს განიხილავს. მათი მიზანია, ომში ჩართულ უკრაინას მორიგი ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარონ, თუმცა ამ ეტაპზე გაწევრების შეთავაზება არ განიხილება.
სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მან თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ თუ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად რესპუბლიკელ კანდიდატს აირჩევს, აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება.
„იმედი მაქვს, რომ აშშ არასდროს დატოვებს ნატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინისნაირი ადამიანების გამო მსოფლიო ბევრ ქვეყანას დაკარგავს. ჩვენ დავკარგავთ პატარა სახელმწიფოებს, რომელთაც ნატოში ამერიკის ხელმძღვანელობის იმედი აქვთ. დავკარგავთ პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებსა და ბევრი ისეთ ქვეყანას, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ამ საკითხის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ აშშ არასოდეს სერიოზულად ნატოს დატოვებას არ განიხილავს. მე ასე ვფიქრობ, თუმცა ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, უბრალოდ საკუთარ აზრებს გიზიარებთ. თუ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევს, ვიმედოვნებ რომ აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება.
მთელი მსოფლიო ნოემბრის მოლოდინშია. პუტინიც ნოემბერს ელოდება. მსოფლიო ვერ იქნება უსაფრთხო ამერიკის გარეშე. ამერიკა ვერ იქნება ლიდერი, თუ არ იზრუნებს მსოფლიო მოვლენებზე. ის არ უნდა გაექცეს საკუთარ სიძლიერეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს თავისუფლებას მსოფლიოს გარშემო. ამიტომაა, რომ მსოფლიო აფასებს ამერიკას, ამერიკას, რომელიც მოქმედებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.
In my address at the Ronald Reagan Institute I expressed my gratitude to the United States for their firm position in defending freedom and supporting Ukraine. It is crucial to win now, to prevail over the Russian war and terror. pic.twitter.com/B4oJQFZxbW
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 10, 2024
მოქმედების პირობას დებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, დღეს ნატო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
„პუტინს სურს უკრაინის სრული დამორჩილება, უკრაინაში დემოკრატიის დასასრული, არაფერი ნაკლები. მას სურს, გაანადგუროს უკრაინული კულტურა და წაშალოს იგი მსოფლიო რუკიდან. ვიცით, რომ იგი უკრაინაზე არ შეჩერდება, მაგრამ არ შეცდეთ, უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს.
ამ ომამდე პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო დაიშლებოდა. დღეს ნატო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს მის ისტორიაში. როდესაც ეს უაზრო ომი დაიწყო, უკრაინა თავისუფალი ქვეყანა იყო. დღეს ის კვლავ თავისუფალი ქვეყანაა და ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტმა.
საიუბილეო სამიტზე ჯო ბაიდენმა ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
იენს სტოლტენბერგისთვის ეს ნატოს ბოლო სამიტია გენერალური მდივნის პოზიციაზე. ოქტომბერში მას ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩაანაცვლებს.
სიტყვით გამოსვლისას იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრებს თავდაცვითი ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.
„ეს სამიტი იქნება საზეიმო შეკრება, თუმცა ამავდროულად გვესმის, რომ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის აღსანიშნად ერთადერთი გზა იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ სათანადოდ ვასრულებთ მიზანს და მზად ვართ მომავლისთვის. ნატო არის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსი, რადგან ჩვენ შევძელით ერთმანეთის დასაცავად გაერთიანება. ასევე იმის გამო, რომ ნატოს ყოველთვის შეეძლო ცვლილებებთან ფეხის აწყობა. ახლა კი, მსოფლიო იცვლება. ჩვენი უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და შესაბამისად, გვჭირდება თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ინვესტიცია თავდაცვაში. უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიასთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სამდღიანი სამიტის განმავლობაში ნატოს ლიდერები შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ მზად არიან, უკრაინას დაეხმარონ, გაუმკლავდეს ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ კონფლიქტს.