მთავარიმსოფლიო„ახლა ეგზისტენციალური მომენტია უკრაინისა და ნატოსთვის” - ინტერვიუ ივო დაალდერთან

„ახლა ეგზისტენციალური მომენტია უკრაინისა და ნატოსთვის” – ინტერვიუ ივო დაალდერთან

ნატოს 75 წლის იუბილეს აღნიშვნის ფონზე მოკავშირეები ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგანან.

მოკავშირეები 32 ქვეყნიდან იკრიბებიან ვაშინგტონში, სადაც ნატო გამოაცხადებს შემდგომ გრძელვადიან ვალდებულებებს უკრაინის მხარდასაჭერად, თუმცა არ შესთავაზებს კიევს ალიანსში გაწევრებას.

ივო დაალდერი არის აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. მისი თქმით, ნატომაც და უკრაინამაც გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ამ ომის დასასრულებლად.

„უკრაინამ რაც უნდა გააკეთოს, არის ცოცხალი ძალის მობილიზება. ეს არის ომი, რომელშიც 40 წლის კაცები იბრძვიან. ისტორიას არ ახსოვს ისეთი ომი, რომელშიც 40 წლის ხალხი იბრძვის. დადგა დრო, რომ უკრაინამ, მართლაც, სერიოზულად ისაუბროს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს ომი და ამ ომში წარმატება. ამას ვერ გააკეთებ მხოლოდ 28, 29 და 30 წლის ჯარისკაცებით, რომ აღარაფერი ვთქვათ 40 წლის ჯარისკაცებზე, რაც ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების საშუალო ასაკია.

უნდა დაიწყოთ 18, 20 და 21 წლის ჯარისკაცების გამოძახება, ამაზე დგას მსოფლიოში ყველა სხვა ჯარი“, – განაცხადა ივო დაალდერმა.

რას ფიქრობთ, მაგალითად, ემანუელ მაკრონის ინიციატივაზე, რომ შესაძლოა ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ ჯარები გაგზავნოს უკრაინაში?

„ვფიქრობ, შეიძლება დადგეს დღე, როცა ეს აუცილებელი იქნება, თუმცა ამას ვერ გააკეთებ, როდესაც 18-იდან 27 წლამდე ახალგაზრდებს არ იძახებენ ჯარში. ძალიან ძნელია, სთხოვო დედას ან მამას, ქმარს ან ცოლს, დას ან ძმას, თავიანთი ვაჟები და დები და ქალიშვილები ომში გაგზავნონ, ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევა.

ასე რომ, უკრაინელებმა მეტი უნდა გააკეთონ. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის გადაწყვეტის ნაწილი. თქვენ გჭირდებათ მეტი ადამიანი ფრონტის ხაზზე. მეტი იარაღიც საჭიროა. ამერიკის შეერთებულმა შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინას კიდევ უფრო მეტად უნდა დაეხმარონ.

ეს სამიტი უნდა ითვალისწინებდეს იმ რეალობას, რომ ეს არის ეგზისტენციალური მომენტი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ნატოსთვის. უკრაინამ წარმატებას უნდა მიაღწიოს. რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს“, – ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატოში.

სამიტის ერთ-ერთი გზავნილი არის ნატოს ერთიანობაც. თუმცა ალიანსში გყავთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სტუმრად მოსკოვში დადის და ხშირად იმეორებს უკრაინაში ომის შესახებ კრემლის რიტორიკას. რა გავლენა აქვს ამას ალიანსზე?

„ორბანი ძალიან პატარა და უმნიშვნელოა იმისთვის, რომ რეალური საფრთხე იყოს დასავლური უსაფრთხოებისთვის. ის ამ საქმეშია უკვე თითქმის ორი წელიწადია და ვფიქრობ, ერთადერთი კარგი რამ, რაც აქედან გამოვიდა, არის ის, რომ ვიქტორ ორბანმა მოისმინა ვლადიმერ პუტინის მოსაზრება, რომელიც თავის მხრივ ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებაო. თავის ყურით მოისმინა, თუ როგორ არ აპირებს პუტინი ამ ომის დასრულებას“, – განაცხადა დაალდერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend