ოპოზიციურ პარტიებში აქტიური პოლიტიკური კონსულტაციები გრძელდება. უკვე ფაქტობრივად მკაფიო ხდება ძალთა გადანაწილების კონტურები, თუ რომელი პარტია ვისთან აპირებს დროებით გაერთიანებას.
პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ პარტია „ლელოს“ გარეშე ქმნიან ერთობლივ პლატფორმას. ამ პარტიების ლიდერებმა გამართეს ერთობლივი ბრიფინგი, სადაც თავიანთი თანამშრომლობისა და „ლელოსთან“ ამ ეტაპზე შეთანხმების ვერ მიღწევის საკითხზე ისაუბრეს.
ამ სამი პარტიის ლიდერების ერთობლივი განცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთეს პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ და საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრეს შეუთანხმებლობის მიზეზებზე.
შეფასებები და განცხადებები მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პლატფორმას. თავად გაერთიანების ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აცხადებენ, რომ ამ ერთობამ მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, ისე ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. „გახარია – საქართველოსთვის“ კვლავ თავის პოზიციაზე რჩება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია 2024 საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს. შედარებით პატარა პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ კონსულტაციების რეჟიმში არიან და სავარაუდოდ, ელიან შემოთავაზებას უკვე ჩამოყალიბებული გაერთიანებებიდან.
მმართველ პარტიაში ოპოზიციურ გაერთიანებებს ყურადღებით აკვირდებიან. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ყველა ოპოზიციური გაერთიანება მხოლოდ ფორმალურია და ყველა ეს პარტია თუ ცალკეული პოლიტიკოსი მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილქვეშ იქნებიან.
ალეკო გვეტაძე