საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი, 182 მანდატი მემარცხენე კოალიციამ „ახალმა სახალხო ფრონტმა“ მოიპოვა, რომელიც სულ რაღაც სამი კვირის წინ ჩამოყალიბდა.
ამჟამინდელი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება მეორე ადგილზეა, 182 მანდატით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“ კი 143 მანდატი აქვს.
საფრანგეთის 577-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მისაღებად 289 მანდატია საჭირო, რომელიც არცერთ გაერთიანებას არ აქვს. ეს უჩვეულოა თანამედროვე საფრანგეთისთვის, რომელსაც პარლამენტში ყოველთვის ჰყავდა დომინანტი უმრავლესობა.
მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ, შესაძლოა, სცადოს მემარცხენეთა ნაწილთან გაერთიანება, თუმცა საფრანგეთში ასეთი გაერთიანებების დიდი გამოცდილება არ არსებობს.
A voté. pic.twitter.com/UR625RHqXH
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 7, 2024
მიუხედავად ამისა, „ახალი სახალხო ფრონტის“ წევრები მოუწოდებენ მაკრონს, რომ მთავრობის ჩამოყალიბებისათვის გაერთიანდნენ და ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიონ, რომელიც ძალაუფლებას მაკრონთან გაინაწილებს.
თუ ეს შეთანხმება არ შედგება, მაკრონმა შესაძლოა, დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებული მთავრობა წარადგინოს, რათა ქვეყანამ ფუნქციონირება გააგრძელოს. ამ შეთანხმებასაც პარლამენტის თანხმობა დასჭირდება, რომლის პირველი შეკრებაც 18 ივლისს არის ჩანიშნული.
ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის, ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის შესაძლო პრემიერ-მინისტრი, მაკრონის პარტიაში გეგმავენ დაიცადონ, სანამ გამარჯვებული “ახალი სახალხო ფრონტი” საბოლოო სახეს მიიღებს და გეგმავენ, ამის შემდეგ მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები.