მთავარისაქართველოქართული პროფკავშირები ევროპული პროფკავშირების წევრი გახდა

ქართული პროფკავშირები ევროპული პროფკავშირების წევრი გახდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ერთ-ერთ მოთხოვნას შრომითი უფლებების მოწესრიგება წარმოადგენს. ამ საქმეში სახელმწიფოსთან ერთად ფუნდამენტურ როლს პროფესიული კავშირების გაერთიანებებიც ასრულებენ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ქართველი დასაქმებულების მრავალი გამოწვევისთვის ბრძოლას ამიერიდან ევროპის პროფკავშირების ორგანიზაციასთან ერთად გააგრძელებს. იმის მიუხედავად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, მაინც გახდა ევროპის ქვეყნების პროფკავშირების წევრი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უკვე არა მხოლოდ საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების, არამედ ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მომუშავე მოქალაქეებისთვისაც შეძლებს მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას. გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი განმარტავს, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება ამ სიახლის ფონზე ქართველი დასაქმებულებისთვის.

„მინდა, არა მხოლოდ პროფკავშირების წევრებს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას მივულოცო ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღეს. ეს, ფაქტობრივად, უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირებს აერთიანებს. ამ საერთო ოჯახში საქართველოს პროფკავშირების გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თითოეული მშრომელის ხმა, დიდი ევროპული ოჯახის გამოწვევა ხდება, რომელსაც ევროკავშირის ყველა სტრუქტურასთან ძალიან მჭიდრო და გავლენიანი ურთიერთობები აქვს. აღსანიშნავია საუკეთესო გამოცდილებები, გზა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მშრომელებმა გაიარეს. ამ გამოცდილებების გაზიარება, დანერგვა საქართველოში მოხდება. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ადვოკატირებას ეწეოდა შემდეგ საკითხებზე: მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმა, სოციალური დიალოგი, შრომის უსაფრთხოება, არაფორმალური დასაქმება და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე ამ დიდი, ძლიერი ოჯახის გამოწვევა და პრიორიტეტები ხდება. ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონი ესთერ ლინჩი, ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი, საქართველოში ჩამობრძანდა, საინტერესო შეხვედრები ჰქონდა. საქართველოს პროფკავშირებმა იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო, მოახერხა, შრომის კოდექსში ცვლილებები შესულიყო, შრომის ინსპექცია აღდგენილიყო და ა.შ. გარკვეული მიღწევები აქვს. ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად ამ საკითხებს მეტი ყურადღება დაეთმობა”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ევროპის პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ესთერ ლინჩი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას აღნიშნავს, თუ რამდენად დიდი როლი აკისრია ამ ორგანიზაციას ევროპელი მშრომელების უფლებების დაცვაში. ასევე როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა საქართველოშიც.

„სიხარულით მივესალმებით საქართველოს პროფკავშირების ჩვენს ორგანიზაციაში შემოსვლას, რომელიც 45 000 მილიონი ევროპელის უფლებებს იცავს. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ისეთი პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ერთნაირად აწუხებთ როგორც ქართველ, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცხოვრებლებს, განსაკუთრებით შრომითი უფლებების თვალსაზრისით. თუმცა, ევროკავშირში ბევრი რამ განსხვავებულადაა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა თქვენს ქვეყანაშიც ისე მოხდება, როგორც ევროპაში. თუმცა ამ მიზნის მიღწევამდე კიდევ არის სამუშაო, რაშიც ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. კანონში ცვლილებებით, მათი დაცვითა და აღსრულებით სრულებით შესაძლებელია მოქალაქეთა შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვა. ეს პირველი ნაბიჯია ამ დიდ გზაზე“, – აცხადებს ესთერ ლინჩი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე მკვლევარი, ეკო მამალაძე ამბობს, რომ საქართველოში პროგრესის მიუხედავად, დასაქმებულთათვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩევა რამდენიმე საკითხი. უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე, შრომითი დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით, ზეგანაკვეთური შრომა, შეუსაბამო ანაზღაურება, დეკრეტული შვებულებების საკითხი და მინიმალური ხელფასის არალოგიკური ზღვარი. მისი განცხადებით, ეს სიახლე არა მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემების მოგვარებას, არამედ შრომითი უფლებების ინსტიტუციონალიზაციასაც შეუწყობს ხელს, რაშიც მთავარი როლი სახელმწიფოს ეკისრება.

„იმ დიდი პროგრესის მიუხედავად, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში აქვს შრომითი უფლებების დაცვის საკითხებში, მაინც უამრავი გამოწვევა რჩება მოსაგვარებელი, დაწყებული შრომის უსაფრთხოებიდან დამთავრებული ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფამდე. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ საქართველოს პროფკავშირები ევროპულ პროფკავშირებს შეუერთდა. ეს უფრო მეტად გააძლიერებს როგორც ინდივიდუალურ დონეზე დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ისე გამოასწორებს ინსტიტუციურ ხარვეზებსაც. ამაში კი ვფიქრობ, აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს მოქალაქეთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება და დაცვა“, – აცხადებს ექსპერტი.

ევროკავშირის მასშტაბით პროფესიული კავშირები მნიშვნელოვან ძალაუფლებასა და ზეწოლის ბერკეტებს ფლობენ, როგორც სახელმწიფოზე, ისე კერძო დამსაქმებლებზე. მათი ჩართულობით არაერთი შრომითი უფლების დარღვევა აღმოფხვრილა და დასაქმებულებიც იმედიანად არიან. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ თუ ქართულ სახელმწიფოსაც შესაბამისი ნება ექნება, ევროპის მაცხოვრებელთა მსგავსად, საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ იმავე სიკეთეებით სარგებლობა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend