მთავარიევროპაუნგრეთი„მშვიდობაზე სასაუბროდ” ორბანი პუტინს შეხვდა

„მშვიდობაზე სასაუბროდ” ორბანი პუტინს შეხვდა

კიევში მოულოდნელი ვიზიტიდან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ ვიქტორ ორბანი მოსკოვშია და ვლადიმერ პუტინს ხვდება… და რა თქვეს უნგრეთისა და რუსეთის ლიდერებმა, შეხვედრიდან პირველ 10 წუთში, მანამ, სანამ კამერა შეხვედრის ოთახს დატოვებდა…

შეხვედრაზე საუბარი ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.

„მესმის, რომ ამჯერად, თქვენ ჩამოხვედით არა მხოლოდ როგორც ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, არამედ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი. იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა გავცვალოთ აზრები ამ რთულ ვითარებაში ორმხრივი ურთიერთობების მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ყველაზე დიდი ევროპული კრიზისის განვითარების პერსპექტივაზე, ვგულისხმობ უკრაინის მიმართულებას. თქვენ ვითარების თითოეული ნიუანსის განსახილველად მოხვედით. ვითარების, რომელიც კიევში, უკრაინაშია… და მე თქვენს განკარგულებაში ვარ. თქვენ ალბათ გაქვთ ინფორმაცია, სულ ახლახან საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად ჩემი გამოსვლის შესახებ… მოსკოვმა სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პოზიციები გამოხატა. მზად ვართ განვიხილოთ დეტალები. იმედი მაქვს, გამაცნობთ ევროპელი პარტნიორების პოზიციას“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტმა.

„იმედი მაქვს, გამაცნობთ ევროპელი პარტნიორების პოზიციასო“, – ეს უთხრა ორბანს მისასალმებელი სიტყვის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა… თუმცა ევროპელი პარტნიორები ორბანს მათი სახელით საუბრის უფლებას არ აძლევენ. ამაზე მოგვიანებით…

„ბატონო პრეზიდენტო, უნდა შევთანხმდეთ, რომ მცირდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ორივე დაპირისპირებულ მხარესთან შეუძლიათ საუბარი. უნგრეთი ევროპაში ნელ-ნელა რჩება ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საუბარი ყველასთან შეუძლია. მსურს, გამოვიყენო ეს ვითარება თქვენთან მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად… და მსურს, გავეცნო თქვენი პერსპექტივა იმ საკითხებზე, რომლებიც ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

უნგრეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა და არც ორბანია ის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვინც ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების გეგმით გამოდის – ამას ამბობენ უკრაინაში. ხოლო ევროკავშირში ამბობენ, რომ დამშვიდება პუტინს არ შეაჩერებს და როტაციის პრინციპით თავმჯდომარეობა არავის აძლევს რუსეთთან ევროკავშირის სახელით ჩართულობის უფლებამოსილებას.

„დამშვიდება არ შეაჩერებს პუტინს. მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ახლა, ცხადია, რომ როგორიც არ უნდა იყოს ორბანის გზავნილები ამ მოგზაურობის დროს, ამ ვიზიტის არსი არ არის სწორი, ეს არ ეხება მშვიდობას… და ჩვენ გვჯერა, რომ ეს ძირს უთხრის ერთიანობასა და მონდომებას ომის დასასრულებლად”, – თქვა რიკ მამერმა, ევროკომისიის სპიკერმა.

ორბანს კი, რომელიც სამი დღის წინ კიევში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებოდა, განსხვავებული პოზიცია აქვს. ის ამბობს, რომ მშვიდობა თავისით არ მოდის. უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოში ინტერვიუს დროს თქვა, რომ უნგრეთს არავითარი მანდატი არ გააჩნია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა რაც შეუძლიათ, აუცილებლად უნდა გააკეთონ…

ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევში, 2 ივლისი, 2024 წელი Copyright Zoltan Fischer/Hungarian PM’s Press Office/MTI via AP

„მე პრეზიდენტ ზელენსკის სამი-ოთხი მნიშვნელოვანი შეკითხვა დავუსვი იმის შესახებ, თუ როგორია მისი გეგმები, სად არის წითელი ხაზები, არის თუ არა შესაძლებელი პაუზა, ცეცხლის შეჩერება და შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელება. ჩვენ თუ ამას არ გავიგებთ, ეს თუ არ ვიცით ზუსტად, მაშინ ბრიუსელში ჯდომით ჩვენ მშვიდობას ვერ მივუახლოვდებით…. რადგან მშვიდობა თავისით არ მოვა ჩვენთან. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის მოვლენები, რაც ახლა მიმდინარეობს, ერთ დღეს მოულოდნელად შეწყდება და მშვიდობა დაისადგურებს, მაშინ ჩვენ არასწორად გვესმის ომის ბუნება. მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ვინმე ამისთვის იმუშავებს“, – თქვა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

კიევში ევროკავშირის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში.

„უნგრეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ ბევრი მიმართულებით, მათ შორის ჰუმანიტარული მიმართულებით, თუმცა არ მივაწვდით არც პირდაპირ და არც ირიბად სამხედრო დახმარებას“, – განაცხადა იანოშ ბოკამ, ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა.

„კვლავ გახადე ევროპა დიადი“ – ეს არის უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის სლოგანი, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნებში ამბობენ, რომ უნგრეთი დონალდ ტრამპს დაესესხა.. სულ ხუთი დღეა, რაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა და ორბანმა ევროკავშირის აღშფოთება უკვე გამოიწვია…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend