პარიზში მემარცხენე პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი საფრანგეთის საკანონმდებლო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აპროტესტებდა. როგორც ცნობილია, არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
დემონსტრანტებს აქციებისკენ რამდენიმე გაერთიანება, დამოუკიდებელი მედია და მოქალაქეთა ორგანიზაცია მოუწოდებდა. მათი მიზანია, ულტრამემარჯვენეებს არ მისცენ გამარჯვების შესაძლებლობა კვირას დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურში.
ულტრამემარჯვენეების გამარჯვებით შეიძლება საფრთხე დაემუქროს სამოქალაქო თავისუფლებას. დემონსტრანტების უმრავლესობა შიშობს, რომ მემარჯვენეების მმართველობის პერიოდში უმცირესობების უფლებები შეიზღუდება.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებით, ულტრამემარჯვენეებს ხმა მისცა 34%-მა, მემარცხენეთა ალიანსს, „ახალ სახალხო ფრონტს“ – 28,1%-მა, ხოლო პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას – 20,3%-მა.
ვადამდელი არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 ივლისს გაიმართება, ერთმანეთს დაუპირისპირდება პირველი ტურის შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. მეორე ტურში მონაწილეობენ ის კანდიდატებიც, რომლებმაც პირველ ტურში მიიღეს ხმების სულ მცირე 12,5%.
მემარცხენეების ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ მოხსნიან მესამე ადგილზე გასულ და მეორე ტურში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა კანდიდატურას, რათა არ დაუშვან ხმების დაქსაქსვა და ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეების მოსვლა. მსგავსი პოზიცია აქვს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიციასაც.