ხან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოსთან ახლოს, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად შვიდი პალესტინელი დაიღუპა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ნასერის საავადმყოფო მდებარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ისრაელს უსაფრთხო ჰუმანიტარულ ზონად აქვს გამოცხადებული. ისრაელის სამხედროების რუკების მიხედვით, პალესტინელები სწორედ ამ ადგილას უნდა გადასულიყვნენ.
თუმცა ხან-იუნისის აღმოსავლეთ ნაწილებიდან იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს უჭირთ საცხოვრებელი ადგილის მოძიება, ყველა შენობა გადატვირთულია.

გუშინ ერთ-ერთი იერიშის დროს ჭურვი თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლას მოხვდა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის შედეგად 37 953 მოქალაქე დაიღუპა, 87 266 კი დაიჭრა.