კატარის მასპინძლობის სექტორის თანამედროვე ტენდენციები უფრო ეკოლოგიურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის დიდ სასტუმროსთან არსებულ ფერმაში თუ პატარა ბაღჩა-ბაღში მოწეულ ხილსა და ბოსტნეულს. მომხმარებელს შეუძლია უფრო ახლოს მივიდეს ბუნებასთან და მიწის სიყვარული ბავშვებსაც ჩაუნერგოს.
პროდუქციის მწარმოებლებისა და მომხმარებლების დაახლოება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოება უფრო ეკოლოგიური ცხოვრების წესზე გადავიდეს.
კატარში ე.წ. „ფერმიდან სუფრამდე“ კონცეფცია სულ უფრო პოპულარული ხდება და „ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი გაეცნო იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ კონცეფციის საზოგადოებაში დანერგვას ემსახურებიან და რომელთა მიზანიც უფრო მდგრადი გარემოს შექმნაა.
პირველ რიგში რეპორტიორები მდიდრული სეგმენტის სასტუმრო The Ritz Carlton Doha-ს ეწვივნენ, რომელშიც სასტუმროს მენეჯერებმა ფერმა და ბაღ-ბოსტანი გააშენეს. ამ სასტუმროს ბაღ-ბოსტანსა და ფერმაში თავისუფლად უშვებენ როგორც ზრდასრულ მოქალაქეებს ისე ბავშვებს, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი ხელით დაკრიფონ და მიირთვან მწვანილი, ხილი თუ ბოსტნეული, ან თავისი თვალით ნახონ თხები, იხვები და ინდაურები. სასტუმროს მზარეულთა გუნდი კი ამ ფერმითა და ბოსტნით შესანიშნავად სარგებლობს და ამდიდრებს მენიუს.
რაც შეეხება კატარის განათლების ქალაქში ე.წ. ჰადიქააში არსებულ „პატარა მებაღეების აკადემიას“, აქ ურთიერთკავშირის იმ მეთოდებს იყენებენ, რომლებიც ბავშვებს ბუნების სიყვარულს ადრეულ ასაკშივე უნერგავს. ჰადიქაა არაბულ ენაზე „ბაღს“ ნიშნავს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი აგრარული ინჟინერი ვიკი დამალუ ამობს, რომ ამ ბაღის მიზანია, სპარსეთის ყურეში მებაღეობა და მდგრადი განვითარება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
„ფერმიდან სუფრამდე“ კონცეფცია, პირველ რიგში, ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. იგივე შეიძლება ითქვას საკვების ადგილზე მიტანის სერვისის მიმწოდებელ ერთ-ერთ წამყვან აპლიკაცია Snoonu-ზე. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჰამად ალ-ჰაჯრი მიზნად ისახავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხის ცხოვრება შეცვალოს უფრო სწრაფი მომსახურებითა და ახალი ტექნოლოგიის საშუალებით.