მოსკოვის მსგავსად, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული ბელარუსი მოკავშირეებს ჩრდილოეთ აზიაში ეძებს. დასავლურ ალიანსებთან პარტნიორობის გაღრმავების ნაცვლად მინსკმა საგარეო ვექტორი „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისკენ“ აიღო. ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე სამიტის მეორე დღეს ბელარუსი რეგიონული გაერთიანების მეათე წევრად ოფიციალურად მიიღეს.
Now it’s official! 😎 #Belarus🇧🇾 is the 1⃣0⃣th member of the Shanghai Cooperation Organization. ‼️The decision was signed at the SCO Heads of State Council meeting in Astana
👆The total population of the #SCO member states is more than 3⃣ billion people, or almost half of the… pic.twitter.com/3rY1Z6FtcC
— Belarus MFA 🇧🇾 (@BelarusMFA) July 4, 2024
ბელარუსის დამკვირვებლის სტატუსიდან წევრის სტატუსამდე დაწინაურებას გამოეხმაურა მოსკოვიც. პუტინის ადმინისტრაცია ბელარუსს ორგანიზაციის დიდ შენაძენად მიიჩნევს.
ასტანაში ალექსანდრ ლუკაშენკას გარდა მასპინძელი ყაზახეთის, რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები იმყოფებიან. სამიტის ფარგლებში ისინი შეხვედრებს მართავენ. ქვეყნებს შორის სტაბილურობის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით, ერთობლივ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ 2001 წელს ჩინეთის, რუსეთისა და აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიერ დაარსდა. მოგვიანებით, ორგანიზაცია სამხრეთ აზიისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით გაფართოვდა, ხოლო პარტნიორობა თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ავღანეთთან დაამყარა. დღეისათვის, ორგანიზაცია 25 ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 10 სრულფასოვანი წევრია. შთოს გაფართოების მიზანი დასავლურ სამხედრო და ეკონომიკურ ალიანსებთან პოლიტიკური ძალის დემონსტრირება იყო.