ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლის მიუხედავად ევროპაში უკრაინისადმი მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, თუმცა ამის მიღმა უკრაინასა და ევროპას შორის არსებობს მოსაზრებათა ფუნდამენტური განსხვავება იმის თაობაზე, თუ რა გზით უნდა დასრულდეს ომი და რა არის მოკავშირეთა მხარდაჭერის მიზანი. მაშინ, როცა უკრაინელებს დასავლეთიდან მეტი იარაღისა და საბრძოლო აღჭურვილობის მიღება ომში გამარჯვებისთვის სურთ, ევროპელთა უმეტესობის სურვილია, ეს დახმარება უკრაინას რუსეთთან მომავალ მოლაპარაკებებში გაძლიერებისთვის გაუწიოს.
ეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ახალი კვლევის მთავარი მიგნებაა. კვლევის ფარგლებში 2024 წლის მაისის პირველ ნახევარში უკრაინასა და ევროპის 14 სხვა ქვეყანაში 20 000-ამდე ადამიანი გამოიკითხა.
საინტერესოა, კვლევის სხვა ნაწილებიც, მაგალითად, ის ნაწილი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისადმი მოსახლეობის ნდობას იკვლევს. უკრაინელთა 65% ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ძალიან ან საკმაოდ ენდობა.
გამოკითხულთა 58%-ის აზრით, ომი უკრაინის გამარჯვებით, 30%-ის აზრით კი, მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდება. კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ ომში გამარჯვებული რუსეთი იქნება.
უკრაინელთა 57%-ის აზრით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში რუსეთში პოლიტიკური ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მოსახლეობისგან განსხვავებით, უკრაინელთა უმრავლესობის აზრით, რუსეთი მომდევნო ორი წლის განმავლობაში თავს სხვა ევროპულ სახელმწიფოს არ დაესხმება. უკრაინელთა მხოლოდ 39%-ს სჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს.
უკრაინელთა 69% აღნიშნავს, რომ ქვეყნის რუსეთის აგრესიისგან დასაცავად მეტი იარაღია საჭირო, თუმცა ეს შეხედულება ევროკავშირისადმი იმედგაცრუებასთან დაკავშირებული არ არის. უკრაინელების 75% ევროკავშირის როლს პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ ომის მოსაგებად ევროკავშირის წევრობა აუცილებელია.
უკრაინაში უფრო ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო შესაძლოა რუსეთთან ომში შევიდეს, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. უკრაინაში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 19%-ია, მაგალითად, ნიდერლანდებში კი, 44%. ანალოგიური მაჩვენებელი 37%-ია პორტუგალიაში, 34% შვეიცარიაში.
გამოკითხვის თანახმად, უკრაინელები რუსეთთან ომში ყველაზე საიმედო მხარდამჭერად გაერთიანებულ სამეფოს ასახელებენ. გამოკითხულთა 88% სწორედ გაერთიანებულ სამეფოს მიიჩნევს ძალიან ან უმეტესად სანდო მოკავშირედ.