მთავარისაქართველოდაგეგმილი რეგულაციები ტექინსპექტირების პროცესში

დაგეგმილი რეგულაციები ტექინსპექტირების პროცესში

მეექვსე წელია, საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ტექინსპექტირების სახით დამატებითი ვალდებულება აკისრიათ. რეგულაციის შემოღების მიზეზი და მიზანი საგზაო უსაფრთხოების სფეროში ევროპარლამენტისა და ევროკავშირის დირექტივასთან დაახლოება იყო. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული რეფორმების გზას სახელმწიფო 2018 წელს დაადგა, თუმცა პერიოდული ცვლილებების მიუხედავად ამ გზის ბოლოს ვერც ექვსი წლის თავზე გავიდა. მორიგი რეგულაციის თანახმად, რომლის მიღებასაც სახელმწიფო მომავალ წელს გეგმავს, მძღოლებს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესამოწმებლად უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევთ.

„მონიტორინგი ითვალისწინებს ტექინსპექტირების პროცესის კონტროლს, როგორც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, ასევე სპეციალური ჯგუფების მეშვეობით. დადგინდება გარკვეული საჯარიმო სანქციები – 500, 2000 და 5000-ლარიანი. ვფიქრობ, რომ ტექინსპექტირების ცენტრები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ პროცესის ობიექტურად და ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისად წარმართვას. საბოლოო ჯამში, რეფორმა მიმართული იქნება სისტემის გაუმჯობესებისკენ და ვიმედოვნებ, დადებითად აისახება პროცესზე“, – აცხადებს „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი.

ახლა არსებული ტარიფების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური შემოწმება მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 ლარს, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის შემთხვევაში 100 ლარს შეადგენს. 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური მსუბუქი მანქანებისთვის 20, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტისთვის 30 ლარით განისაზღვრა. მანამდე, დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელს პრობლემის აღმოსაფხვრელად 30 კალენდარული დღე ეძლეოდა, რა ვადაშიც განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო. ახალი რეგულაციის თანახმად, 2025 წლიდან პირველადი დათვალიერების საფასური 90 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორებითი შემოწმების ფასი უცვლელი დარჩება.

ეფექტური ზედამხედველობის არსებობის გარეშე ფინანსური სანქციების შემოღების მნიშვნელობას ვერ ხედავენ საგზაო ექსპერტები. მათი შეფასებით, თუკი სახელმწიფო მხოლოდ მომსახურების საფასურისა და ჯარიმების ზრდაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო რეგულაციებს მკაცრად არ აღასრულებს, რეფორმა, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს.

„განმეორებით ინსპექტირებაზე საფასურის დაწესების შემდეგ ცენტრებში მიყვანილი გაუმართავი ავტომობილების რაოდენობა შემცირდა. ეს ძალიან კარგია, ვინაიდან დადებითად აისახება საგზაო უსაფრთხოებაზეც და ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც. პრობლემად რჩება აღსრულების მექანიზმები. ხშირ შემთხვევაში, არსებობს საპილოტე პროექტები, როცა, მაგალითად, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს გამონაბოლქვის მონიტორინგს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. სულ რამდენიმე ეკიპაჟია დაკავებული ამ საქმით და ხილული გამონაბოლქვი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. მნიშვნელოვანია აღსრულების მეტი მექანიზმი, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა უფრო ჯანსაღი ჰაერი გვქონდეს და დაცული იყოს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი წესი“, – ამბობს გზების ექსპერტი და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.

ოფიციალურად საქართველოში 1.7 მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, რომელთაგან უმეტესობა თბილისში იყრის თავს. მაღალი სატრანსპორტო მობილობა გამონაბოლქვის რისკსაც ზრდის. ოთხ ქალაქში ხილულ კვამლზე მონიტორინგის არსებობისა და ასობით ავტომფლობელის დაჯარიმების მიუხედავად ქუჩებში CO-ზე გაუმართავი მანქანები მაინც ბევრია. მათ შორისაა, სამარშრუტო ტაქსები, რომლებიც თავის დროზე მერიამ ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩაანაცვლა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გამონაბოლქვს ქვეყანაში არსებული საწვავის ხარისხი, ავტოპარკის საშუალო ასაკი და კვლავ ავტომობილთა არასიღრმისეული ინსპექტირება იწვევს.

„რა თქმა უნდა, ბევრი რამ საწვავის ხარისხზეცაა დამოკიდებული. როგორც ვიცით, როცა საწვავი შემოდის ქვეყანაში, ის არ მოწმდება [ხარისხზე]. არსებობს კონკრეტული პროექტები, რომელთა თანახმადაც, შესაბამისი პირები მიდიან და ამოწმებენ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საწვავის ხარისხს, თუმცა ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი. ვამბობთ, რომ გვაქვს „ევრო 5“ ან „ევრო 6“ სტანდარტის საწვავი, თუმცა ვფიქრობ, საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა ავიყვანოთ. აღნიშნული ტექინსპექტირების პროცესზეც აისახება. მოქალაქეები გარკვეულ მანიპულაციებს მიმართავენ და სპეციალური სითხით აზავებენ საწვავს, გამონაბოლქვის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ინსპექტირების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივი საწვავის ჩასხმის შემდეგაც, ავტომობილი ისევ ბოლავს“, – ამბობს გზების ექსპერტი და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გახდა. კანონის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალება ინსპექტირებას დროულად არ გაივლის, ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის კამერები ან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მძღოლს 50 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში მას საურავი დაეკისრება.

ბოლო თვეებში ტექდათვალიერების პუნქტებში მიმართვიანობა საშუალოდ 13%-ით გაიზარდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შენარჩუნდება დადებითი დინამიკა მომსახურების საფასურის მატების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend