მთავარიევროპაუნგრეთივიქტორ ორბანმა უკრაინას „ყველაფერში წარმატება” უსურვა

ვიქტორ ორბანმა უკრაინას „ყველაფერში წარმატება” უსურვა

მოულოდნელად, პირველად 2012 წლის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ორბანი კიევს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერის რანგში ეწვია.

ერთობლივ ბრიფინგზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად.

პრობლემები კი ამ ორ ქვეყანას მართლაც ბევრი დაუგროვდა. უნგრეთს უკვე მთელი ისტორია აქვს უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციებისა ან დახმარებების დაბლოკვისა და უარყოფის ევროკავშირსა და ნატოში.

თუმცა დღეს ბრიფინგზე ვიქტორ ორბანის რიტორიკა შეცვლილი იყო.

„უკრაინას ყველაფერში წარმატებას ვუსურვებ. უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პირობებში ჩვენ ვართ უკრაინის განკარგულებაში, რაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ, დაგეხმარებით”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს. მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების ტემპს დააჩქარებდა.

ცეცხლის შეწყვეტაზე ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა აქამდე მან არაერთხელ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება იმ არგუმენტით, რომ რუსეთს გადაჯგუფებისთვის მეტი დრო და საშუალება ექნებოდა.

„ვისაუბრეთ, ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობის შესახებ, ასევე იმაზე, თუ რას ველით უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ევროკავშირში უკრაინის გაწევრებაზე მოლაპარაკებები და ახლა ვამზადებთ პირობებს ხელშეკრულებისთვის, ეს პროცესი გრძელი და შრომატევადია, მიზნის მისაღწევად საჭიროა დინამიკა და პროგრესი. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მხარდაჭერა საკმარის დონეზე დარჩეს, განსაკუთრებით რუსეთის ტერორისგან თავდასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ყველა მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დიპლომატიური გაუცხოება, რომლის მოგვარებასაც ახლა კიევში ლიდერები ცდილობენ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს არ დაწყებულა.

ეს ორი ქვეყანა უკვე მრავალი წელია, ვერ თანხმდება უკრაინაში უნგრული უმცირესობების საკითხებზე. თუმცა პროგრესი დღეს ამ მიმართულებითაც იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend