ქარიშხლებს, ძლიერ წვიმასა და სეტყვას მრავალი პრობლემა მოჰყვება თან. სლოვენიაში ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად სახურავები და მოსავალი დაზიანდა. უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა პოლონეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ასევე ძლიერი წვიმა მოვიდა ავსტრიის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
პოლონეთში, კერძოდ, ზაკოპანესა და მიმდებარე დასახლებებში, წყალმა ქუჩები და სარდაფები დატბორა. უხვი ნალექის გამო მაშველებს არაერთ გამოძახებაზე მოუწიათ გასვლა. ზაკიპიანკას მარშრუტი, რომელიც ტატრებს დედაქალაქ კრაკოვთან აკავშირებს, რამდენიმე საათის განმავლობაში გაუქმებული იყო.
კვირას, ნაშუადღევს, ქვემო ავსტრიის ვალდკირხენსა და რაპოლცის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან მდებარეობს, დამანგრეველი სეტყვა მოვიდა. ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმა იყო ორშაბათსაც. ერთ-ერთი სოფელი სტიქიის ზონად გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველები ცდილობდნენ, შენობები ბრეზენტით შეეფუთათ.
ძლიერი სეტყვა და ჭექა-ქუხილია სლოვენიაშიც, რის შედეგადაც დაზიანდა სახურავები და მოსავალი. მეტეოროლოგების თქმით, ქარიშხლები იტალიაში წარმოიქმნა და იქიდან სლოვენიაში გავრცელდა. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ შტორმები და ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.