არჩევნები საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში – 2024 შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების წელია. პოლიტიკური პარტიები მოქალაქეების ხმების მოპოვებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. კონკურენტი პარტიების პოლიტიკური კამპანიები, ძირითადად, ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა მაინც არიან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ტრადიციულ კამპანიას კრეატიულობით ანაცვლებენ და ამომრჩევლებისთვის უცნაურები ხდებიან.
„ბოროტი ქათმები”, „მილენიალების პარტია”, „ნუ მისცემ ხმას”, „პარტია პარტია” და „ძაღლი ორი კუდით” – ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას და რომელთაც განსაკუთრებით უცნაური სახელები ჰქონდათ. მათ ნაწილს საჭირო რაოდენობით ხმების მიღების შემთხვევაში კონკრეტული რეფორმების გეგმაც ჰქონდა, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ისინი მხოლოდ სახალისოები იყვნენ…
სახალისო სახელით არა, თუმცა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოებით ნამდვილად გამოირჩევა ჟორდან ბარდელა, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი. მას ბევრი „ტიკტოკის” ვარსკვლავსაც უწოდებს. 28 წლის პოლიტიკოსს, რომლის პარტიამაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში აშკარა გამარჯვება მოიპოვა, „ტიკტოკზე” 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამომწერებსა და მის მხარდამჭერებს ხშირად უზიარებს ვიდეოებს, რომლებსაც ამომრჩევლები ადრე ვერ ხედავდნენ… მაგალითად, დებატებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჟორდან ბორდელა ჟელიბონს მიირთმევს და ამბობს, რომ კანფეტები დებატებამდე აუცილებელია.

დიდ ბრიტანეთში არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ედ დეივმა ტრადიციული პოლიტიკური კამპანიის ჩატარებაზე უარი თქვა და სრულიად სხვა ტაქტიკა აირჩია. დიდ ბრიტანეთში ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ ის ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგად ერთობა. ის პოლიტიკოსისთვის უჩვეულო ქცევებით გამოირჩევა და ეს მისი ცნობადობის გაზრდაზე დადებითად მოქმედებს.

ზუმბას გაკვეთილი, კამერების წინ ველოსიპედით დაღმართზე დაშვება, საშიშ ატრაქციონზე ყვირილი, ნავითა თუ დაფით წყალში გართობა, ქვიშის ციხესიმაგრეების აშენება, მაჭკატების მომზადება – ეს ყველაფერი ედ დეივმა წინასაარჩევნოდ გააკეთა. მაშინ, როცა პოლიტიკოსების თითქმის სრული უმრავლესობა ცდილობს, თავი აარიდოს დაუგეგმავად მედიასთან გამოჩენას, ცუდ ფოტოებს, დაბრკოლებებსა თუ სხვას, „ლიბერალ-დემოკრატების” ლიდერი ამ ყველაფერს არ უშინდება.
და მაშინ როცა, ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ედ დეივი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ხმას მისცემენ, ნაწილი მას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი ქცევები და კამპანია პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს აკნინებს. თუმცა ფაქტია, რომ დეივის პარტიის მხარდაჭერა დიდ ბრიტანეთში იზრდება და ზოგიერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ მის პარტიას მეორე ადგილის მოპოვების შანსიც აქვს.