„საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ისტორიული მისიის მისაღწევად ვქმნით „თავისუფლების მოედანს“ – ღია, დემოკრატიულ პლატფორმას და ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას”, – ნათქვამია ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცელებულ მანიფესტში. მათი პირველი ღონისძიება, დღეს, პირველ ივლისს, გაიმართა თბილისში, სადაც მოქალაქეებს მოძრაობის წევრებმა სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. მათი თქმით, „თავისუფლების მოედანი“ პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი მოქალაქეების ერთობაა, თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად.
„ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად, დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე, დავამყაროთ რეალური დემოკრატია და მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას. გვჯერა, რომ მშვიდობის საფუძველი სამართლიანობაა, ხოლო მმართველობის ყველაზე სამართლიანი სისტემა დემოკრატიაა. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისწრაფებებისა და მიზნების აღსრულების საუკეთესო მექანიზმია, საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გარანტია”, – ნათქვამია „თავისუფლების მოედნის” წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათ ასევე განაცხადეს, რომ აქვთ მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიდნენ არჩევნებამდე, დაიცვან თითოეული ხმა და როგორ გააგრძელონ გზა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.