მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაკინოს ზეიმი კარლოვი-ვარში

კინოს ზეიმი კარლოვი-ვარში

კარლოვი-ვარის მშვიდი ქუჩები რამდენიმე დღით დღესასწაულმა მოიცვა. იქ საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე 58-ედ იმართება.

გახსნის ცერემონიის მთავარი ვარსკვლავი იყო მსახიობი ვიგო მორტენსენი, რომელიც ცნობილია არაგორნის როლით სერიალში ბეჭდების მბრძანებელი. მან ფესტივალის პრეზიდენტის ჯილდო მიიღო.

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ვიგო მორტენსენი კარლოვი-ვარის საერთაშორისო ფესტივალზე, 28 ივნისი, 2024 წელი Copyright Slavomir Kubes/CTK via AP

„ეს არის კინოს ზეიმი, რომელიც ყოველწლიურად აქ კარლოვი-ვარში იმართება“, – ამბობს ვიგო მორტენსენი, ფილმის რეჟისორი.

კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის, ფილმი სახელწოდებით „ნამდვილი“ აჩვენეს. რეჟისორი ფილმის მოქმედი გმირია, რომელიც უკრაინისთვის იბრძვის. რეჟისორის თქმით, ეს ყველაფერი მან შემთხვევით, ჩაფხუტზე დამაგრებული კამერით გადაიღო. კადრებში ჩანს გასული ზაფხულის ერთი დღე, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა მიმდინარეობდა. სანგრებში მყოფი ქვედანაყოფი ევაკუაციის ორგანიზებას ცდილობდა. სწორედ ამ სამხედრო სვლას დაარქვეს კოდური სახელი „ნამდვილი“.

კადრი უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის ფილმიდან „ნამდვილი”, Propeler Film and Downey Ink / ‘Real’

„ეს მასალა არის დოკუმენტი ომის შესახებ, ფილმში არ არის კონკრეტული მოქმედებები, ყველაფერი სანგრებში ხდება. ძალიან ბევრი მოგონება და გამოცდილება დამიგროვდა. და მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, თუ ცოცხალი ვიქნები, სიამოვნებით გადავიღებ ამაზე მხატვრულ ფილმს”, – ამბობს ოლეგ სენცოვი, ფილმის რეჟისორი.

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი, ყოფილი პროფესიონალი ჯარისკაცი, არმიის გენერალი და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ სენცოვთან განიხილავდა მის ფილმსა და ომის გამოცდილებას.

„ეს საოცარი კადრებია, ძალიან ღირებულია, რადგან გადმოგვცემს ომის სისასტიკეს და ასევე ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ ის, რასაც იქ ჯარისკაცები განიცდიან”, – განაცხადა პეტრ პაველი, ჩეხეთის პრეზიდენტი.

რეჟისორმა თქვა, რომ ჯარისკაცთაგან რამდენიმე გარდაცვლილია. დარბაზში მყოფებმა კი, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ფილმმა შესაძლოა ვერ გადაავსოს კინოთეატრები, თუმცა მას შეუძლია, შეახსენოს ხალხს რთული მომენტები და ის, რომ ომის სისასტიკე რეალურად ძალიან ახლოსაა მათ სახლებთან.

წელს კარლოვი-ვარის ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან 200 ფილმია წარმოდგენილი, 12 მათგანი კი ოქროს გლობუსისთვის იბრძვის. გამარჯვებულები შაბათს, კინოფესტივალის დახურვაზე, გამოვლინდებიან.

ჟირი სკაკელი, ევრონიუსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend