ტორეცკი ბახმუტის სამხრეთით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ფაქტობრივად ფრონტის ხაზზე მდებარეობს. ეს უკრაინული დასახლება ბოლო დღეების განმავლობაში რუსული არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
„გუშინ პლანირებადი ბომბებითა და არტილერიით ძლიერი დაბომბვა იყო, დრონები, ყუმბარმტყორცნები და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მუშაობდნენ, ძალიან რთული და სტრესული სიტუაციაა“, – აღნიშნავს ვიტალიი ბუკარიევი, პოლიციის დანაყოფის ოფიცერი.
უკრაინის სამაშველო სამსახურები ახლა ამ დასახლების ევაკუაციისთვის ძალებს არ იშურებენ. მაშველები პოლიციის დანაყოფიდან, რომლის დასახელებაცაა „თეთრი ანგელოზები“, მოხუცი მოქალაქეების ევაკუაციას აქტიურად ახორციელებენ. აქ დაბომბვის ხმა ყოველ წუთს ისმის.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, აღმოსავლეთის მიმართულებაზე ტორეცკი ერთ-ერთი ცხელ წერტილია. პუტინის არმია მას აქტიურად უტევს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ერთ კვირაში რუსეთმა 800 პლანირებადი ბომბი ჩამოაგდო უკრაინის ტერიტორიაზე.
დასახლება ტორეცკი ძალიან ახლოსაა ჩასივ-იართან, რომელიც ასევე კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა… როგორც უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, გაჭიანურებული საერთაშორისო დახმარების გამო მათი რესურსები კვლავ მწირია. ახლა უკრაინა კვლავ ცდილობს, რომ ფრონტის ამ მონაკვეთზეც ვითარების სტაბილიზება მოახდინოს. ამ ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ უფრო შეამსუბუქონ შეზღუდვები, რაც დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებასთანაა დაკავშირებული.