მთავარისაქართველოდისკუსია „ამნისტიის კანონის“ შესახებ

დისკუსია „ამნისტიის კანონის“ შესახებ

„დღეს საქართველოში 10 ათასამდე პატიმარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს მათი რაოდენობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭომ კი ივნისის დასაწყისში ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში კვლავ მეორე ადგილზეა. მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა და ამ ვითარებაში ამნისტიის კანონის მიღება ხელისუფლების წინასაარჩევნო გეგმებს უკავშირდება, რასაც მმართველ გუნდში უარყოფენ.

„თავის დროზე ამნისტიის ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან იყო, მას მხარი „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა და ახლა უნდა ეს საარჩევნოდ გამოიყენოს. ზოგადად, ჩვენ ამნისტიას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ბედით ვაჭრობის შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ. აი, ეს არის ნომერ პირველი პრინციპი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ოთხ თვეში, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ გამოცხადდება სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია და ფუნქციონირებას შეწყვეტს სასამართლო კლანი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„მუხლებზე იქნება მსჯელობა, ამაზე დიდი ხანია, ლაპარაკი მიდის და წინასაარჩევნო თემას არ ეხება, ვინაიდან ეს არ არის ის პერიოდი, როცა ადამიანებს გარკვეულ ხელწერილებს ართმევდნენ და სიცოცხლით თუ ჯანმრთელობით პასუხისმგებლობას აღებინებდნენ იმისთვის, რომ მათი ახლობელი გათავისუფლებული ყოფილიყო, ან მას ნორმალურად მოპყრობოდნენ და არ ეწამებინათ ციხეში “, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პენიტენციური სისტემის გადატვირთულობაზე არაერთხელ მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველიც. მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა დანერგოს სხვადასხვა ღონისძიება, რათა მსჯავრდადებულების რაოდენობა შემცირდეს და საქართველო პატიმრების რაოდენობით აღარ იყოს მეორე ადგილზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონდეს. ამნისტია ძალიან კარგია, მაგრამ იმავე პოლიტიკით თუ მოხდება შემდგომ საქმეების განხილვა და სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, მსგავს პერიოდში მსგავს სურათს მივიღებთ“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში, ანუ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend