მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში

პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში

წარმატებული ეკონომიკური ზრდა, პროგრესის მყარი პარამეტრები ყველა მიმართულებით, ევროინტეგრაციის მხრივ პოზიტიური მოლოდინები, დაგეგმილი მეგაპროექტები და არც ერთ ნაწილში თვითკრიტიკულობა. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საგარეო კუთხით, პრიორიტეტად რჩება ევროინტეგრაცია, განათლება და ჯანდაცვა კი, მთავრობისთვის ქვეყნის შიდა მთავარი საკითხებია.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი გამომსვლელებს. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის, მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა დებატებში შესვლა, დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობა. არადა, ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე და რა უნდა აინტერესებდეს ოპოზიციას, თუ არა ასეთი ტიპის საკითხების განხილვაში მონაწილეობა, კითხვების დასმა.

რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტს, ვიტყვი, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში მოვლენების განვითარებაზე, გლობალურად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს. მე მინდა, უკრაინას ვუსურვო მშვიდობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჩამოსული იყვნენ საქართველოში, მიეცათ აქ დროის გატარების, დასვენების საშუალება და ამ ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობა. მე ძალიან დიდი იმედი მინდა, გამოვთქვა, რომ ძალიან მალე უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.

ასევე გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე.

ჩვენ ახლო მომავალში წარვადგენთ ოთხწლიან გეგმას. ეს იქნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც უკვე არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადაითარგმნება ოთხწლიან სამთავრობო პროგრამაში და ჩვენ ოთხწლიანი პერსპექტივითაც გვექნება ძალიან ამბიციური მიზნები, ამოცანები, გეგმები.

ამ პროგნოზის მიხედვით, 2028 წელს ჩვენი ეკონომიკა უნდა გახდეს 44 მილიარდი დოლარი, რაც უკვე კარგი მაჩვენებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს ამაზე უფრო დიდი ამბიცია და გვაქვს ყველანაირი რესურსი, პოტენციალი იმისთვის, რომ 2028 წლისთვის, თუნდაც, 50 მილიარდ დოლარიან ნიშნულს გადავცდეთ 2028 წლისთვის, მთელი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ეს მიზანიც აბსოლუტურად მიღწევადია.

ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ უახლოეს დღეებში დავაინიციიროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ, მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი და ივლისში შესაძლებელი იქნება ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება, ისე რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს „ამნისტიის კანონის“ მიღება.

მე ვფიქრობ, რომ გამჭვირვალობის კანონი ბევრ ამ პრობლემას მოაგვარებს და ნაკლები მუხრუჭი ექნება ჩვენი ქვეყნის ზოგად განვითარებას და კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მომავალში. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პრემიერმა.

სხდომას არ დაესწრო საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი. ვინც დაესწრო, ამბობს, რომ პრემიერის ეს ანგარიში არაფრის მომცემია და მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

„კითხვა ნომერი ერთი – მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საკუთარ სახლებში დაბრუნება საქართველოს გაცხადებული ინტერესი გახლდათ, ხოლო თქვენ ჩინეთს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რომ გაეროში ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, ვის მხარეს ხართ თქვენ და ივანიშვილი და რას უპასუხებთ უამრავ დევნილს ამ საკითხთან დაკავშირებით?

როცა კირბალში თამაზ გინტური ოკუპანტებმა წმინდა გიორგის სალოცავთან მოგვიკლეს, ტატუნაშვილი ოთხოზორიას სიაში მისი მკვლელები თქვენ არც შეიყვანეთ, არც სია არ წარმოადგინეთ აქ ანგარიშის სახით, ნიშნავს თუ არა ეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქეების მკვლელების დაუსჯელობის წახალისებასა და ოკუპანტის სასარგებლოდ ქმედებას?

როდესაც ქვეყნის გამთლიანების ხედვის შემუშავების პირობა, რომელიც 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯაროდ ანგარიშებით იყო დაფიქსირებული, რუსეთის მიერ მოშლილი სუვერენიტეტის ნამდვილი მხარდამჭერები თქვენ მტრად გამოაცხადეთ, შეასრულეთ თუ არა ამით მტრის ამოცანა და რატომ ატყუებთ ხალხს, რომ თითქოს ამ გზით სუვერენიტეტს იცავთ? თქვენ ხომ რეალურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებს უერთებთ მთლიანად, დანარჩენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად.

მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხის დახმარებას ჯარისთვის სათუოს უწოდებთ, ხოლო ავტორიტარული მეთოდების გამოყენების გამო ჯარს სწირავთ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისთვის, ვის ინტერესებს ასრულებთ თუ არა კრემლის და რას ეუბნებით ჩვენს სამხედროებს?

მაშინ, როდესაც ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი თავად თქვენ ხართ, რასაც თქვენ ევროკავშირი ღიად გეუბნებათ, როცა ევროკავშირის კარი თავად ჩაკეტეთ, ისევე როგორც ნატოსი და ამისთვის მხოლოდ კრემლი გაქებთ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ქვეყნის 20%-ის გარეშე გთავაზობთ, ვის ინტერესებს ასრულებთ თქვენ თუ არა კრემლის? ეს არის ის კითხვები, რომლებსაც თქვენ საჯაროდ უნდა უპასუხოთ. არა მე მიპასუხოთ, არამედ ხალხს, რადგან ეს ყველაფერი არის საგარეო კურსის რუსეთისკენ შემოტრიალება და მე შევუერთდები ჩემი კოლეგების ბოიკოტს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას დაესწრნენ დიპლომატებიც, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილი. უნგრეთის ელჩის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების არც ერთი ელჩი, თავად ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ასევე არც აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ამ სხდომას არ დაესწრნენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დიპლომატიური დემარშია. მმართველ გუნდში კი ვარაუდობენ, შესაძლოა ამ ქვეყნების ელჩებიდან არც ერთი არ იმყოფება ქვეყანაში.

პრემიერის მოსმენით პარლამენტმა საგაზაფხულო მუშაობა დაასრულა. მეათე მოწვევის პარლამენტს, მხოლოდ საშემოდგომო სესია დარჩა, ისიც ნაწილობრივ. სავარაუდოდ, ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე რიგგარეშე სხდომაც გაიმართება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend