მთავარიგადაცემებიოკეანემეცნიერებისა და მეთევზეების თანამშრომლობა მალტის საზღვაო ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება

მეცნიერებისა და მეთევზეების თანამშრომლობა მალტის საზღვაო ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება

თევზის რეწვა მალტის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს შეადგენს და ათას მეთევზეს ასაქმებს. მეთევზეობა, ფაქტობრივად,  მალტელების ეროვნული იდენტობის ნაწილია, ამიტომ მალტელი მეთევზეებისა და მეცნიერების თანამშრომლობა ხელს უწყობს მეთევზეობის სექტორისა და მალტის საზღვაო ეკოსისტემის მომავლის ფორმირებას.

მალტაზე ირიჟრაჟა, მალტა ევროკავშირის წევრი პატარა ქვეყანაა ხმელთაშუაზღვისპირეთში.  ერთ ტრადიციულ სათევზაო ბარჟაზე სამი განსაკუთრებული სტუმარი ზის: კელი, ლუკა და ფრენკი – სამივე მალტის წყლის რესურსების განყოფილებაში მუშაობს. ეს გახლავთ მალტის მეთევზეობისა და აკვაკულტურის საჯარო დეპარტამენტის კვლევითი განყოფილება, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია: მან უნდა მიაწოდოს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენად ჯანსაღია ოკეანე.

„მე შესანიშნავი ბიოლოგებისა და საველე დამკვირვებლების გუნდში ვმუშაობ და ჩვენ ერთად ვაგროვებთ ყველა იმ მონაცემს, რომლებსაც ევროკავშირი გვავალდებულებს,“ –  ლუკა პისანი, მალტის წყლის რესურსების განყოფილების ზღვის ბიოლოგი. „დღეს ზღვაში გავდივართ დაკვირვებაზე, რაც ჩვენი რუტინული საქმიანობის ნაწილია და რომელიც საშუალებას გვაძლევს მეთევზეებს, გავყვეთ და შევკრიბოთ მონაცემები, თუ როგორ თევზაობენ, რა ტიპის თევზს იტოვებენ და რას აბრუნებენ უკან“.

საუბარში მისი კოლეგა მალტის წყლის რესურსების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი კელი კამილიერიც ერთვება:

„ეს ჩვენი საქმიანობის საუკეთესო მხარეა, რადგან უშუალოდ გიწევს მეთევზეებთან შეხება და მუშაობა, შესაბამისად, მეთევზეობის ინდუსტრიის სრულ სურათს ხედავ“.

მეცნიერი დამკვირვებლები – ევროკავშირის მეთევზეობის შესახებ მონაცემთა კრებულის ხერხემალია

მეთევზეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაძლებელია სადღაც შორს, ოფისში, იწერება, მაგრამ ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ეს რეგულაციები იწერება ღია ზღვაში მეცნიერი დამკვირვებლების მიერ იკრიბება. ეს ხალხი „ევროკავშირის მეთევზეობის შესახებ მონაცემთა კრებულის“ ხერხემალია.

როდესაც ეკიპაჟს ბადე ამოაქვს, მეცნიერები აკვირდებიან ბიოლოგიურ მონაცემებს, ანალიზს უტარებენ და ინახავენ.

„ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, რადგან ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ, თუ როგორია კომერციულად მომგებიანი სახეობების დაჭერის ფასი ეკოლოგიური თვალსაზრისით. რადგან ყოველი კომერციული ჯიშის თევზის ჭერის დროს ისეთი თევზიც მოჰყვება, რომლის დაჭერაც მეთევზეებს არ უნდათ“, – განმარტავს ლუკა პისანი.

ამ მონაცემებით, რომლებიც ევროკავშირის დონეზე გროვდება მეთევზეობის მრავალწლოვან კრებულში, მხოლოდ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები  არ ხელმძღვანელობენ. მათ ასევე იყენებენ მეთევზეობის სექტორის სოციოეკონომიკური საყრდენის აღდგენისთვის საჭირო ბაზის შესაქმნელად, როგორც  მალტის მეთევზეობისა და აკვაკულტურის მინისტრი ალისია ბაგეია საიდი  ამბობს:

„მე ნამდვილად მჯერა, რომ, როდესაც საქმე ამ სექტორის პოლიტიკის განსაზღვრას ეხება, აუცილებლად უნდა დაბალანსდეს გარემოს დაცვის, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები“.

მალტის მეთევზეობის ინდუსტრია

მიუხედავად იმისა, რომ  მეთევზეობა მალტის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს და ათას მეთევზეს ასაქმებს, ალისია ბაგეია, რომელიც აკადემიური სექტორიდან მოდის, ამბობს, რომ მეთევზეობა მალტის ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. და რომ მეცნიერებას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ მეცნიერება კარგ საფუძველს შეუქმნის ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს,“ – განმარტავს ალისია ბაგეია. „მონაცემები იმისთვის გჭირდება, რომ მომავალი განჭვრიტო. ძალიან ბევრი მეცნიერი მიჰყვებოდა სხვადასხვა თევზმჭერ გემს, როგორც საბუქსიროს, ისე ბადის გამშლელსა და დიდ სათევზაო ლაინერს. ამიტომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავია“.

ზღვაში დაკვირვება მხოლოდ ერთი მეთოდია, რომელსაც მეცნიერები თევზჭერის ინდუსტრიაში იყენებენ. დილის 4 საათზე გონგი რეკავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალტის სათევზაო აუქციონი იწყება. მყიდველები ხალისით ეჯიბრებიან ერთმანეთს, რათა საუკეთესო თევზი შეიძინონ, რომელიც საბოლოოდ  კუნძულის მომხმარებელთა  თეფშზე აღმოჩნდება. თუმცა ფრენკ ფარუჯა, მალტის წყლის რესურსების განყოფილების თანამშრომელი   აქ სულ სხვა მიზეზის გამოა.

„მონაცემთა შეგროვების მრავალწლიანი გეგმის ფარგლებში გვაქვს ბიუჯეტი, რომლითაც თევზს ვყიდულობთ,“ – ამბობს ფრენკი. „აქ შეძენილ თევზს ჩვენს ლაბორატორიებში ვამუშავებთ. ისინი ბიომეტრიულ ნიმუშებად გვჭირდება ძირითადად თევზის სიგრძის, წონის, სქესისა და ასაკის დასადგენად“.

ხმალა თევზი თუ სკუმბრია მალტის წყლის რესურსების ოფისებსა და ფრენკის კოლეგებთან თითქმის ერთსა და იმავე დროს მიაქვთ. და რთული სამუშაოც იწყება. თევზს კვეთენ, რათა მისი ბიოლოგიური პარამეტრები შეისწავლონ, რაც პირველი ნაბიჯია სრულყოფილი მონაცემების შეგროვების პროცესში, რომელიც საბოლოო ჯამში ევროკომისიაში დასრულდება.

იურგენ მისფუდი, მალტის წყლის რესურსების ადმინისტრაციის აღმასრულებელი დირექტორი:

„ჩვენი თევზის ჯიშებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ვუზიარებთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წევრი სახელმწიფოების მონაცემთა ბაზები ერთმანეთს გავუზიაროთ და ერთად შევკრიბოთ მონაცემებზე იმ ინტერნეტჩართვების მიხედვით, რომლებსაც ვიღებთ ევროკომისიისგან თუ სხვა ორგანოებისგან, რომლებიც ევროკომისიისთვის მუშაობენ. მიღებულ ინფორმაციას რეგიონულ დონეზე ვკრებთ და შემდეგ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ტიპის ზომები უნდა გატარდეს პოლიტიკის ფორმირებისთვის“.

იურგენს დოქტორის ხარისხი აქვს სტატისტიკასა და მათემატიკაში, რაც ძალიან ეხმარება, რათა მონაცემების შეკრება გააკონტროლოს და თან უხელმძღვანელოს მალტის წყლის რესურსების განყოფილების რამდენიმე პროექტს, რომლებსაც 35 თანამშრომელი ახორციელებს. თუმცა მეთევზეობის მიმართ მის ინტერესს პირადი მოტივაციაც აქვს.

„მეთევზეობის სექტორში ძირითადად წვრილი თევზმჭერები გვყავს, ისინი ტრადიციული მეთევზეები არიან, რომლებიც საკვებს გვაწვდიან. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან თუ არსებობს ვინმე, ვინც ქვეყანას საკვებით ამარაგებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს იურგენი.

ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალი ქვეყნის მსგავსად მეთევზეებს მალტაშიც აქვთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, თევზის ჯიშების გაქრობა და დაძაბული კონკურენცია…წვრილ მეთევზეებს ეს პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ უდგათ.

„ჩემი აზრით, ვერ გავართვით თავი იმას, რომ ყველა ტიპის მეთევზეზე  გვეზრუნა, ეს განსაკუთრებით ეხება წვრილ მეთევზეებს,“ – განმარტავს  მალტის მეთევზეობისა და აკვაკულტურის მინისტრი ალისია ბაეგია საიდი. „აქცენტი, როგორც წესი, მსხვილ თევზმჭერებზე კეთდება. არადა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მალტაში მეთევზეთა 90 პროცენტი მცირე ნადავლს იჭერს, ვფიქრობ, რომ ევროპა მეტად უნდა ჩაერთოს, რათა მცირე თევზმჭერებს დავეხმაროთ“.

ამ მოსაზრებას იზიარებენ ზღვაში მეთევზეებთან ერთად გასული მეცნიერებიც, რომლებიც მეთევზეებსა და პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს შორის ნდობის აღდგენას უწყობს ხელს.

ლუკა პისანი, მალტის წყლის რესურსების განყოფილების ზღვის ბიოლოგი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეთევზეებთან ასე კარგად ვთანამშრომლობთ, რადგან საბოლოო ჯამში მათი ინტერესი ჩვენსას ემთხვევა. თუ ზღვაში რაღაც პრობლემებია, ეს უნდა ვიცოდეთ, რადგან თუკი გვეცოდინება, ზუსტად სად არის პრობლემა, ამ საკითხს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან დავაყენებთ, რათა ისინი უკეთ იყონ ინფორმირებული და უკეთ იმოქმედონ ზღვისა და მეთევზეების ინტერესების დასაცავად“.

ჩვენი ოკეანეები ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომ ფრენკის, ლუკასა და კელის მეცნიერული ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარებისა და ჩვენი ზღვის ეკოსისტემის მიმართ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ავტორი: ბრაიან კარტერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend