მთავარისაქართველო„სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე” — კონფერენცია თბილისში

„სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე” — კონფერენცია თბილისში

დღეს, 27 ივნისს, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე”. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ და მისი დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.

კონფერენციაში მონაწილეობდა 60-ამდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტიკოსი, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მიწვეულმა სტუმრებმა ილაპარაკეს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა ჩინეთის მზარდი გავლენები მსოფლიოში და დემოკრატიული ქვეყნების მიერ მედეგობის შენარჩუნების მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.

„როგორც კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მთავარი აქტორი, საქართველოს აქვს საშუალება, რომ ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს,თუმცა საქართველომ უნდა დაიტოვოს ადგილი ვაჭრობისთვის. ჩინეთმა ანაკლიის პორტი ჩამოაყალიბა, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული აქტივი, რუსეთის შემოვლით თავისი სატრანზიტო კორიდორის შესაქმნელად. რეალური ეკონომიკური მიზეზი ამ პროექტის უკან არ დგას, სწორედ ამიტომ იყო რთული ამ პროექტში სხვა ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესება. ეს არის ჩინეთის გათვლა, რომ ჰქონდეს წვდომა მისი ეკონომიკისთვის აუცილებელ საქონელზე“, – განაცხადა „ჰუვერის ინსტიტუტის” მკვლევარმა გლენ ტიფერტმა.

„საქართველოში მორიგი დემოკრატიული კრიზისია, თუმცა ამით არ ვაკრიტიკებ საქართველოს ან ქართველ ხალხს, ეს პროცესი გლობალურად მიმდინარეობს, თუმცა საქართველოსთვის ეს არის კრიტიკული მომენტი. უცხოური აგენტების კანონი ჩემი აზრით არის ცუდი კანონი, ის ძალიან შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ასევე ეს კანონი ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ მიმართულებას და ეს არ არის კარგი დემოკრატიისთვის. რუსეთისა და რუსეთთან დაახლოებული სახელმწიფოს მსგავსი კანონების შემოღება ძალიან ცუდია საქართველოს დემოკრატიისთვის. ეს ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ლინკოლნ მიტჩელმა.

კონფერენციის მონაწილეებმა თავისუფალი და ღია დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებებზე და საუკეთესო პრაქტიკებზე.

კონფერენცია მიზნად ისახავს დაინტერესებულ საზოგადოებასა და მედიას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოსა და ზოგადად, მცირე სახელმწიფოების პოზიციონირების შესახებ ტურბულენტური გლობალური უსაფრთხოების გარემოში. ღონისძიებაში მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული და აღიარებული ექსპერტები მონაწილეობენ. ხვალ, 28 ივნისს, გაიმართება კონფერენციის მეორე ნაწილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend