25 ივნისს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრებასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყნის მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ პროცესი მალე დასრულდება და ისინი ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრები გახდებიან. თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს გამოწვევებით სავსე გზა იქნება. მოლაპარაკების დაწყებას ასევე ეხმაურებიან როგორც მოლდოველები, ისე ომს გამოქცეული და ახლა მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელები.
მოლდოვის პარლამენტის წევრის ევგენი სინცევიჩის თქმით, მათ აქვთ შანსი, რომ ჰქონდეთ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოება. ისინი ამას აუცილებლად შეინარჩუნებენ, რაშიც ევროკავშირიც დარწმუნდება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე ბევრმა უკრაინელმა მოლდოვას შეაფარა თავი. მათ შორის არის ოლგა, რომელიც ოდესიდანაა. მისი შვილი, იულია, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ მოლდოვაში დაიბადა. მას, როგორც მოლდოველების უმეტესობას, უხარია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყება.
ოლგას სურს, რომ მისი შვილი იყოს ევროკავშირის ნაწილი, იცხოვროს ევროკავშირში, ცივილურ და განვითარებულ ქვეყანაში ჰქონდეს განათლების მიღების შანსი და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ოლჰას აზრით, ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უკრაინაში კორუფცია აღმოიფხვრება, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ეს, სამწუხაროდ, სწრაფად ვერ მოხდება, რადგან პროცესი ნელა და ეტაპობრივად განვითარდება.
მოლდოვაში, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რუსული გავლენა ჯერ კიდევ მკვეთრად იგრძნობა. მაგალითად, მოლდოვის „სოციალისტური პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის სპიკერის ნიკიტა რომენსკის თქმით, მოლდოვამ იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ შეინარჩუნოს ურთიერთობა თავის ტრადიციულ პარტნიორებთან, რუსეთსა და ბელარუსთან.