საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) მოქმედების 10 წლისთავზე ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა. სადღეისოდ ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში საქონლისა და მომსახურების ექსპორტს 1006 ქართული კომპანია ახორციელებს.
2014-იდან 2023 წლის ჩათვლით საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 42%-ით გაიზარდა, 407-იდან 576 მილიონ დოლარამდე. დინამიკა უფრო ხელშესახები იქნებოდა, რომ არა კოვიდპანდემია, რომლის პერიოდშიც საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად იყო შეფერხებული.
10 წლის განმავლობაში ევროკავშირთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შედეგად, ევროკავშირის ბაზარი რამდენიმე სახეობის საქონლისთვის, უპირველესად, ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის (თაფლი, მეფუტკრეობის სხვა პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ლოკოკინები, მატყლი, ცხოველის საკვები და ა.შ.) გაიხსნა.
ამ საექსპორტო ჯგუფების პროდუქციის ევროპაში გატანა 2021-2023 წელს დაიწყო და უკვე მნიშვნელოვან მოცულობებს მიაღწია: ევროკავშირის ბაზარზე 2021 წლიდან უკვე გავიდა 60 ტონაზე მეტი ცხოველის საკვები, 2022 წლიდან 300 ტონამდე ქართული თაფლი და 700 ტონაზე მეტი თევზის ზეთი და ფქვილი, 2023 წლიდან – 160 ტონა ლოკოკინა.